"სომხეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაცია და ყურადღება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გაამახვილოს"
13/09/2022 07:03:49 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა.
"ჩემს ძმასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან განვიხილე სომხური პროვოკაციების საკითხი აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე. სომხეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაცია და ყურადღება სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და აზერბაიჯანთან შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობაზე გაამახვილოს", – წერს ჩავუშოღლუ სოციალურ ქსელში.
მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინ განახლდა. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".


