Accentnews.ge
2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 700მლნ ლარით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები მლრდ 266 მილიონით იზრდება

2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 700მლნ ლარით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები მლრდ 266 მილიონით იზრდება

12/09/2022 12:39:53 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 700მლნ ლარით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები მლრდ 266 მილიონით იზრდება.

მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 64,8 მლრდ ლარს შეადგენდა.

„6%-იანი ზრდის შემთხვევაში, პროგნოზირებული იყო, რომ საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი გაიზრდებოდა დაახლოებით, 13%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი იქნებოდა 70%-ის ფარგლებში. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამ, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, რისკები შექმნა და რომ არა ჩვენი სწორი პოლიტიკა, შესაძლებელია, დღეს არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც გვქონოდა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია ორი ძირითადი მიზნის მიღწევაზე.

„პირველი არის ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება. 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 2022 წელს ჩვენ ვიღებთ 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს, ვიდრე ბიუჯეტით გვქონდა დაგეგმილი და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე. ამასთანავე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებით მიიმართება ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, სოციალური და სხვა მიმართულებებით.

ამ კუთხით დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს დამატებითი თანხების მიმართვას შემდეგი მიმართულებებით:

  • წელს სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან გავზარდეთ 50 ლარით და განისაზღვრა ყოველთვიურად 150 ლარით, რისი დაფინანსებისთვისაც გამოიყოფა 86 მლნ ლარზე მეტი;
  • მიმდინარე წელს დაიწყო საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომლისთვისაც გამოიყოფა 40,0 მლნ ლარამდე; ჯანდაცვის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა 80,0 მლნ ლარი, მათ შორის, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის დამატებით გამოიყოფა 45,0 მლნ ლარი;
  • მცირემიწიან ფერმერთა სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებით დახმარებისთვის გამოიყოფა 40,0 მლნ ლარი; რთველის დასაფინანსებლად დამატებით – 40,0 მლნ ლარი გამოიყოფა; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სხვა პროგრამების დასაფინანსებლად დამატებით – 70,0 მლნ ლარი, მათ შორის, 55,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია შეღავათიანი აგროკრედიტების დასაფინანსებლად;
  • თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 80,0 მლნ ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცების ბინების მშენებლობა, ასევე, გაგრძელდება თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება;
  • ვიწყებთ თბილისში პოლიციის ქალაქის მშენებლობას, რომლის ფარგლებშიც 1100-ზე მეტი ბინის მშენებლობა განხორციელდება; სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის მიზნით, გამოიყოფა 50,0 მლნ ლარი;
  • სპორტის ხელშეწყობის და მიღწეული შედეგების შესაბამისად, სპორტსმენთა დაჯილდოების მიზნით, დამატებით გამოიყოფა 43,0 მლნ ლარი; ქ. თბილისსა და მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსფერი იზრდება 65,0 მლნ ლარით, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებით გამოიყოფა 130,0 მლნ ლარი.
  • გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების საგადასახადო შემოსავლები თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 160,0 მლნ ლარამდე, რომლის დიდი ნაწილი, ასევე, მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 80,0 მლნ ლარით, რაც მოხმარდება 2023 წელს საქართველოში დაგეგმილი, ფეხბურთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ჯამში, წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოვყოფთ თითქმის, 6 მლრდ ლარს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S