
„ბევრ კითხვას სვამო“ - ჟურნალისტი მთავრობის ადმინისტრაციაში აღარ შეუშვეს
12/09/2022 12:00:27 საზოგადოება
BMG-ს მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია აცხადებს, რომ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთავრობის სხდომა უნდა გაეშუქებინა, არ შეუშვეს.
„არ ვიცი, რა ვთქვა – საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს.მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა – სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ – ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ.”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
იგი ვარაუდობს, რომ მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა მისმა სიუჟეტმა, რომელიც 9 სექტემბერს გავიდა.
მისი თქმით, სიუჟეტი შეეხებოდა საკითხს, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია, მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოქვეყნებულა საჯაროდ.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ დაუშვეს ადმინისტრაციაში თელარა გელანტია.
მინისტრმა უპასუხა, რომ მან ამის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო და ამაზე, ალბათ, პრესცენტრი გააკეთებს ინფორმაციას.
დამატებით კითხვაზე, თუ რომელი წესი დაარღვია ჟურნალისტმა „თქვენთვის არასასურველი კითხვა რომ დასვა?“, მინისტრმა შემდეგი განაცხადა:
„ჩემთვის არასასურველი კითხვა არ არსებობს. შეკითხვა არის შეკითხვა, რომელზეც ბუნებრივია, ჩემი მოსაზრება და პასუხი მექნება. მოვისმენთ ადმინისტრაციის განმარტებას და შემდგომ შეიძლება შეფასება".