უკრაინა – რუსმა სამხედროებმა ოჯახის წევრებთან ერთად დატოვეს ლუგანსკის ოლქის ქალაქი სვატოვო
12/09/2022 10:18:38 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ოჯახის წევრებთან ერთად დატოვეს ლუგანსკის ოლქის ქალაქი სვატოვო.
მისი ცნობით, ამჟამად ქალაქში რჩება მხოლოდ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „სახალხო მილიცია“, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებთაგან შედგება.
ლუგანსკის ლეგიტიმური საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ჰაიდაის ინფორმაციით, რუსი სამხედროების ნაწილი დამოუკიდებლად გადადის ოლქის ტერიტორიის სიღრმეში, ნაწილი კი, რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება.
ოკუპირებული ლუგანსკის ოლქი ესაზღვრება ხარკოვის ოლქს, რომლის ოკუპირებულ ნაწილში უკრაინის არმიამ სექტემბრის პირველი დღეებიდან წამოიწყო წარმატებული კონტრშეტევა და ტერიტორია თითქმის მთლიანად გაათავისუფლა.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ექსპერტთა შეფასებით, ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის ბოლოდროინდელმა, წარმატებულმა კონტრშეტევამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ რუსეთი მიაღწევს ადრე გამოცხადებულ მიზნებს - სრულ კონტროლს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე.


