ბრიტანული დაზვერვა ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას აქვეყნებს
12/09/2022 06:34:47 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, უკრაინაში არსებული რუსული ძალების უმეტესი ნაწილი იძულებულია, პრიორიტეტი თავდაცვით მოქმედებებს მიანიჭოს.
უწყების ცნობით, უკრაინული ძალების წარმატებული კონტრშეტევის გამო რუსეთი იძულებული გახდა, ხარკოვის რეგიონიდან ჯარები გაეყვანა.
"რუსეთმა სავარაუდოდ, გასცა ბრძანება, გაიყვანოს ძალები ხარკოვის ოლქის მთელი ოკუპირებული ტერიტორიიდან. აღნიშნულს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს რუსეთის საერთო ოპერაციულ გეგმაზე. რუსული ძალების ისედაც შერყეული ნდობა რუსეთის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება", – აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.
მისი ცნობით, ხარკოვის მიმართულებით უკრაინამ დაახლოებით, 3000 კვ.კმ-ის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლა.
რაც შეეხება ხერსონის მიმართულებით არსებულ ვითარებას, რუსეთს უჭირს საკმარისი რეზერვების მობილიზება მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდინარე დნეპროს გავლით.
"ერთგავარი მცურავი ხიდი, რომლის აგებაც რუსებმა ცოტა ხნის წინ დაიწყეს, კვლავ დაუსრულებელია", – აცხადებს უწყება.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული ხიდის აშენება რუსულმა ძალებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც უკრაინამ მდინარე დნეპროზე გადასასვლელი ხიდები დაბობმა. აღნიშნულის შედეგად რუსულ ძალებს რეგიონში საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შეტანა უჭირთ.
"უკრაინული ძალები შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით ახლა ალბათ, ისე ხშირად ურტყამენ დნეპროს გადასასვლელებს, რომ რუსეთს არ შეუძლია, დაზიანებული ხიდების შეკეთება", – დასძენს უწყება.


