
ედუარდ სააკაშვილი - მამაზე: "ვფიქრობ, გაცნობიერებული აქვს, რომ მისი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო"
09/09/2022 13:03:02 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილის ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი საქართველოში დაბრუნება "შეცდომა იყო". ამის შესახებ მან კლინიკა "ვივა მედში" მამის მონახულების შემდეგ განაცხადა.
"ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, ფიქრობს, რომ არ უნდა ჩამოსულიყო და დღეს მისი პრიორიტეტია, უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა", - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის სხეული და მდგომარეობა უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში:
"ჩემთვის რთული წარმოსადგენია ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაში იქნება თუ სად იქნება, არ ვიცით. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და თავადაც არ დარდობს დიდად".
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივა მედში“ მკურნალობს. საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.