ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აჩერებს
09/09/2022 09:40:45 მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა გადაწყვეტილება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
„ეს გამოიწვევს სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროებას, ვიზის განხილვის დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს“, - აცხადებენ ევროკავშირის საბჭოში.
„არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის ომით, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განურჩეველი თავდასხმებით, რუსეთმა ძირი გამოუთხარა ამ ნდობას და ფეხქვეშ გათელა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებები. დღევანდელი გადაწყვეტილება არის რუსეთის ქმედებების პირდაპირი შედეგი და უკრაინისადმი და მისი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის მორიგი მტკიცებულება“, – განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა.
ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი 2007 წლის პირველი ივნისიდან მოქმედებდა.


