Accentnews.ge
რა თქვა მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩასულმა ბლინკენმა

რა თქვა მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩასულმა ბლინკენმა

09/09/2022 07:43:14 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას 8 სექტემბერს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგი უკრაინელ მაღალჩინოსნებს შეხვდა და კიევის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულება კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

უკრაინის ეფექტური კონტრშეტევა

ამერიკელმა დიპლომატმა დაახლოებით ორსაათიან შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მის გუნდთან "ძალიან პროდუქტიული და მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი" უწოდა.

მან ისაუბრა უკრაინის კონტრშეტევაზე და აღნიშნა, რომ აშშ ხედავს "რეალურ პროგრესს ადგილზე".

"მიმდინარე კონტრშეტევა ეფექტური აღმოჩნდა. ეს წარმატება უკრაინელების წარმოუდგენელი სიმამაცისა და შეუპოვრობის შედეგია. აშშ ძალიან მოხარულია, რომ შეძლო თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერა. მიმაჩნია, რომ ამ წარმატების მიზეზი არის თქვენი სამშობლო და არა რუსეთი", - მიმართა ბლინკენმა ზელენსკის.

მისი თქმით, მან უკრაინელი მაღალჩინოსნებისგან მიიღო განახლებული ინფორმაცია კონტრშეტევის შესახებ.

"ჩვენ ვხედავთ მკაფიო და რეალურ პროგრესს ადგილზე, განსაკუთრებით ხერსონის მიდამოებში, მაგრამ ასევე – საინტერესო მოვლენებს დონბასში, აღმოსავლეთში", – დასძინა ბლინკენმა.

პუტინის ჩართულობა ე.წ. ფილტრაციის ოპერაციებში

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ე.წ. ფილტრაციის ოპერაციებში ჩარტულობაში დაადანაშაულა.

"ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთის ე.წ. ფილტრაციის ოპერაციები, რომლის მეშვეობით ასიათასობით უკრაინელი იძულებით გადაასახლეს, პრეზიდენტ პუტინის მითითებების გარეშე განხორციელებულიყო", – განაცხადა ბლინკენმა.

2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი დახმარება უკრაინისა და რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფი კიდევ 18 ქვეყნისთვის

ბლინკენის განცხადებით, აშშ-ს სურს, უკრაინასა და სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს 2 მლრდ დოლარზე მეტი გამოუყოს. ამის შესახებ მან კიევში ვიზიტისას განაცხადა.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ სურს, გამოყოს ორ მილიარდ დოლარზე მეტი ევროპის ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების სახით", – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, ეს იქნება გრძელვადიანი სამხედრო დახმარება უკრაინისა და რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფი კიდევ 18 ქვეყნისთვის.

ვიზიტი ირპენში

უკრაინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის გარდა, მან მოინახულა აშშ-ის საელჩო, ბავშვთა საავადმყოფო, გამნაღმველი ძაღლი "Patron" და წავიდა ირპინში, სადაც რუსული ოკუპაციის შედეგები იხილა.

"ჩემი თვალით ვიხილე საშინელი თავდასხმები სახლებზე, შენობებზე, რომლებიც აშკარად ეკუთვნოდათ სამოქალაქო პირებს. საუკეთესო შემთხვევაში, ეს განურჩეველი მოქმედების შედეგია, უარეს შემთხვევაში – მიზანმიმართული იერიში. ვესაუბრე ადამიანებს, რომლებიც შესანიშნავ სამუშაოს ასრულებენ ომის დანაშაულებებისა და სისასტიკეების შესახებ მტკიცებულებების შეგროვების კუთხით და ასევე – მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან ქალაქზე, რომლებიც მუშაობენ მის აღდგენაზე“, – განაცხადა ბლინკენმა.

უკრაინულმა ძალებმა ირპენზე კონტროლი მარტის ბოლოს დაიბრუნეს. ქალაქი რუსული ძალების თითქმის მთლიანად განადგურებულია. როგორც ამერიკელ დიპლომატს ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა განუცხადეს, ირპენში, რომლის მოსახლეობის 95% ევაკუირებული იყო, ადგილობრივთა 78% უკვე დაბრუნებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S