Accentnews.ge
პეკინი პუტინს იმედებს უცრუებს: ჩინეთთან ვაჭრობა რუბლისთვის საზიანო აღმოჩნდა

პეკინი პუტინს იმედებს უცრუებს: ჩინეთთან ვაჭრობა რუბლისთვის საზიანო აღმოჩნდა

08/09/2022 19:33:14 ეკონომიკა

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ანალიტიკოსებში ხშირად კითხვებს ბადებს. ჩინური კომპანიები არ რისკავენ, რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარონ. ჩინური ბრენდების ნაწილმა, დასავლელი პარტიორების კვალდაკვალ, რუსული ბაზარი დატოვა. “გაიყინა” არაერთი მასშტაბური ერთობლივი პროექტიც. სამაგიეროდ რუსულ ავტობაზარს დამაჯერებლად სწორედ ჩინელი მწარმოებლები იპყრობენ.

ჩინეთთან “რეკორდული სავაჭრო ბრუნვის” შესახებ ვლადიმირ პუტინის ამასწინანდელი ხმამაღალი განაცხადების მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობები რუსი ჩინოსნების იმედებს ჯერ-ჯერობით ვერ ამართლებს.

როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, ბრუნვის ზრდა უმთავრესად ჩინეთში რუსული ენერგორესურსების ექსპორტის არაპროპორციული მატებითაა განპირობებული, მაგრამ შემხვედრი მიმართულებით ხელშესახები ზრდა არ შეინიშნება.

მეტიც, სავაჭრო პროფიციტი რუბლის კურსისთვის დამატებით რისკებს ქმნის, მაშინ, როცა მეტისმეტად გამყარებული ეროვნული ვალუტა რუსეთის ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკისთვის კვლავინდებურად დიდ პრობლემად რჩება.

გამოცემა «Коммерсантъ»-ი საბაჟო სტატისტიკას აანალიზებს. მისი ინფორმაციით, პირველი 8 თვის განმავლობაში რუსეთიდან ჩინეთში ექსპორტი 50%-ით - $72,9 მლრდ-მდე გაიზარდა; აი, ჩინურმა იმპორტმა კი იმავე პერიოდში მხოლოდ 8,5%-იანი ზრდა განიცადა და $44,2 მლრდ-ს გაუტოლდა.

ამასთან, სავაჭრო ბალანსის პროფიციტი საანგარიშო პერიოდში 4-ჯერ გაიზარდა და აგვისტოს თვის მონაცემებით, $28,7 მლრდ-ს შეადგენდა, რაც, თავის მხრივ, რუსეთის ეროვნულ ვალუტას დამატებით ამყარებს.

ამასობაში რუსეთის წილი ჩინეთის სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ 2,75%-ს შეადგენს, იმპორტის რუსული წილი 2,9%-დან 4%-მდე გაიზარდა. აი, ჩინურ ექსპორტში რუსული წილი კი მიმდინარე წლის დასაწყისიდან საერთოდაც შემცირდა - 2021 წლის 2%-დან 2022-ის 1,9%-მდე.

ცნობისთვის: ორიოდ დღის წინ ვლადივოსტოკში, “აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იკვეხნიდა, “რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ წელს შესაძლოა, $200 მლრდ-ს გადააჭარბოსო”.

თუმცა როგორც სახელმწიფო ფონდ “როსკონგრესის” ოფიციალურ მიმოხილვაშია აღნიშნული, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა არაპროპორციულია და რუსული მხრიდან პრიმიტიული (მოიცავს ბუნებრივ რესურსებს ან ადვილად დამუშავებად საქონელს - ხე-ტყეს, სასუქს, გაყინულ თევზს). ბუნებრივ რესურსებზე მოდის 68% ფულად და 78% რაოდენობრივ გამოხატულებაში.

მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთი რუსეთში მიწოდებების გაზრდას არ გეგმავს.

«საკმაოდ ხშირია ჩინური ბანკების მხრიდან რუს კლიენტებთან ურთიერთობისას უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენის შემთხვევები», — განუცხადა გამოცემას ჩინეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა ალექსეი დახნოვსკიმ.

უკრაინაში ომის დაწყების დროიდან რუსეთის ხელისუფლება რეგულარულად იყენებს ნარატივს ჩინეთის ვითომდა მზადყოფნის შესახებ, რუსეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცეს და დასავლური ბაზრები საკუთარი პროდუქციის მიწოდებით ჩაანაცვლოს.

თუმცა რეალურად, რუსეთის ისტებლიშმენტის მოლოდინები ჯერ ნამდვილად არ მართლდება. ჩინური კომპანიები რუსეთში მიწოდებებს არ ზრდიან და ვერც ჩაანაცვლებენ უარავ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას, რომელიც რუსეთს “არამეგობრული ქვეყნებიდან” მიეწოდებოდა.

მეტიც, სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო რუსულ ეკონომიკას დამატებით სირთულეებს უქმნის, რადგან ეროვნულ ვალუტას ამყარებს, მყარი რუბლი კი, თავის მხრივ, წნეხია საექსპორტო დარგებისთვის, რომელთა პროდუქცია აზიურ ბაზრებზეც კი არაკონკურენტუნარიანად იქცევა, - განმარტავენ სპეციალისტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S