როდის შემცირდება ინფლაცია – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზი
08/09/2022 15:28:26 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში ინფლაციაზე ისაუბრა და საგარეო ფაქტორებს გაუსვა ხაზი.
„მაგალითად, ჩვენ თუ შევხედავთ გაერო-ს სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის ინდექსს, ძალიან მაღალი, რეკორდული ზრდა დაფიქსირდა სასაქონლო ბაზრებზე, იგივე ზეთთან, შაქართან დაკავშირებით. ასე რომ, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ეს არის მსოფლიოს პრობლემა. რა თქმა უნდა, ისიც მესმის, რომ ეს სოციალურად საკმაოდ დიდ გამოწვევას ქმნის. პროდუქტების ჯგუფის თარგეთირება აბსოლუტურად შეუძლებელია და ამას ეროვნული ბანკი ვერ აკეთებს, მაგრამ როდესაც ეს სოციალურ ფონს ცვლის, ამ შემთხვევაში უკვე ფისკალურმა მხარემ უნდა აიღოს თავისი ტვირთი, უნდა გაიზარდოს სოციალური დახმარება. ზოგადად, მსოფლიოში პანდემიის შემდეგ სიღარიბე გაიზარდა, ასევე იქნებოდა საქართველოშიც, მაგრამ მას შემდეგ, რაც სწორი პოლიტიკით მოხდა ამასთან გამკლავება, უკვე დაბრუნდა ეკონომიკური ზრდა, შემცირდება ინფლაციაც და სიღარიბის დონეც აუცილებლად შემცირდება“,- ოპტიმისტურად აღნიშნა გვენეტაძემ.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია შემცირებას იანვარ-თებერვალში დაიწყებს:
„იმ პროგნოზებით, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, წლიური ინფლაცია ამ წლის ბოლომდე დაახლოებით დღევანდელ დონეზე შენარჩუნდება. საშუალო წლიური მაჩვენებელი ალბათ, დაახლოებით 9,5 % იქნება, სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ველით, რომ ინფლაცია შემცირებას იანვარ-თებერვლის თვეში დაიწყებს და დაახლოებით 2023 წლის შუაში უკვე მიზნობრივ მაჩვენებელს 3%-ს მიუახლოვდება“.


