Accentnews.ge
ამჟამად რუსებს მასობრივად ეუბნებიან უარს საქართველოში შესვლაზე – მედია

ამჟამად რუსებს მასობრივად ეუბნებიან უარს საქართველოში შესვლაზე – მედია

08/09/2022 11:10:17 საზოგადოება

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტ-ივნისში საქართველოში 277 700 რუსი გაემგზავრა. აქედან რუსეთის 42 500 მოქალაქე დარჩა საქართველოში მინიმუმ, ერთი თვის განმავლობაში, რაც მარტ-ივნისში საქართველოში ჩამოსული რუსების 18%–ია,– იუწყება „ყირიმ რეალიი“ გამოცემა «Агентство»–ზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შესვლაზე უარს მასობრივად ეუბნებიან.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის Free Russia Foundation ხელმძღვანელი ეგორ კუროპტევი გამოცემასთან ამბობს, რომ საქართველომ რუსებთან დაკავშირებით სასაზღვრო კონტროლი რამდენიმე კვირის წინ გააძლიერა: ამჟამად რამდენიმე ათეულ ადამიანს ყოველდღიურად უზღუდავენ ქვეყანაში შესვლას.

„არც პროფესიას, არც საქართველოში ცხოვრების ფაქტს და არც საცხოვრებლის დაქირავების შესახებ კონტრაქტის არსებობას არ აქვს მნიშვნელობა. თუ არ არსებობს ბინადრობის საბუთი, მაშინ არც ერთი სხვა დოკუმენტი არ არის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის გარანტია“, - აღნიშნა კუროპტევმა.

***

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI–ს მონაცემებით, 2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე საქართველოში შემოსული პირებიდან, [31 ივლისის მდგომარეობით] ქვეყანა დატოვებული არ ჰქონდა რუსეთის 42577 მოქალაქეს.

ორგანიზაციამ დაითვალა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში დარჩენის მაჩვენებლები.

IDFI-ს კვლევით, 2022 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის მაჩვენებლებს შორის სხვაობით დგინდება, რომ საქართველოში შემოვიდა რუსეთის 49505-ით მეტი მოქალაქე, ვიდრე გავიდა ქვეყნიდან. ორგანიზაციის მიგნებით, ამ პერიოდში საქართველოში დარჩა ჯამურად 65 ათასამდე რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე

"რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებლები. ამასთან, მათ უმრავლესობას ქვეყანა არ დაუტოვებია მინიმუმ 1 თვის დაყოვნების შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული პირების ვიზიტების ტურისტულ მიზნებთან კავშირი ნაკლებად სავარაუდოა.

2022 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში დარჩა (შემომსვლელთა და გასულთა სხვაობა) შემოსული რუსეთის მოქალაქეების 18%, უკრაინის მოქალაქეების 20%, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების 28%. აღნიშნული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. მაგალითად, 2019 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 5%-ს" - წერია კვლევაში.

ორგანიზაციის დათვლით, ამ წლის მარტი-ივნისში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთის 16476-ით მეტი მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 11531-ით მეტი მოქალაქე დარჩა.

ასევე, მარტი-ივნისის თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს რუსეთის 3036 მოქალაქეს, უკრაინის 135 მოქალაქეს, ხოლო ბელარუსის მხოლოდ 41 მოქალაქეს.

ორგანიზაცია უთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემები არ იძლევა ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ასევე, IDFI-სთვის უცნობია 1 თვეზე მეტი ვადით დარჩენილ რუსეთის მოქალაქეებს შორის რამდენი არის წარმოშობით საქართველოდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S