
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია
08/09/2022 08:07:55 საზოგადოება
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია. კანდიდატები, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
მისი თქმით, „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო ფონდის დირექტორის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურაა წარდგენილი.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ქეთევან შუბითიძის კანდიდატურა.
მისივე განმარტებით, შუბითიძეს საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების სპეციალობით, 2011 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში შესყიდვების მიმართულებით და გააჩნია საკმაოდ კარგი გამოცდილება.
თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას კი ლაშა მაჭავარიანი დაიკავებს, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
მერის თქმით, მაჭავარიანის ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
„ლაშას განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და უცხოეთში ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის მსოფლიო ბანკში, ასევე სახელმწიფო უწყებებში წამყვან პოზიციებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას, მერმა გიორგი მარგებაძის კანდიდატურა წარადგინა.
მისი თქმით, მარგებაძე დღემდე სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს და კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სააგენტოს გამართული მუშაობა მუნიციპალიტეტისთვის, თითოეული თბილისელისთვის.
„მას განათლება მიღებული აქვს ინფორმატიკის სისტემების მიმართულებით, ასევე, არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მაგისტრი. წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, აქვს საკმაოდ მდიდარი სამუშაო გამოცდილება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მერმა წარდგენილ კანდიდატებს ახალ პოზიციებზე წარმატება უსურვა, რადგან, მისი თქმით, მათი წარმატებული საქმიანობა დედაქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.