
CRRC – რესპონდენტთა 17%–ს მიაჩნია, რომ საქართველოს მეორე ფრონტი რომ გაეხსნა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებდა
07/09/2022 15:29:29 საზოგადოება
Caucasus Research Resource Center-ის (CRRC) ახალი გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა დაახლოებით 30% ვერ ასახელებს მიზეზს, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, 24%-მა არ იცის, რომ საქართველომ, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
მათმა 30%-მა, ვინც იცის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, თქვა, რომ არ იცის, რის გამო არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. დანარჩენი პასუხები ასე გადანაწილდა:
17%-ს მიაჩნია, რომ ამის მიზეზი მთავრობის უმოქმედობაა;
14%-ს ამის მიზეზად პოლარიზაცია მიაჩნია;
14%-ს – ქვეყნის მიერ წევრობის კრიტერიუმების შეუსრულებლობა,
8%-ს – ოპოზიციის მიერ ხელშეშლა,
3%-ს კი რუსეთის პოზიცია საქართველოს მიმართ;
4%-ს მიაჩნია, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო/მეორე ფრონტი არ გახსნა.
თითო-თითო პროცენტს ამის მიზეზად მიაჩნია „ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, სააკაშვილის დაპატიმრება და ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა;
ამასთან, მოსახლეობის 17%-ს სჯერა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა, „მეორე ფრონტი რომ გაეხსნა“ რუსეთის ფედერაციასთან. ეს სიცრუედ მიაჩნია 59%-ს, 24% კი ამბობს, რომ არ იცის ამ საკითხზე პასუხი, ან არ პასუხობს კითხვას.
კითხვაზე, აქვთ თუ არა მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა განახორციელებს კანდიდატობისთვის საჭირო რეფორმებს, პასუხები ასე გადანწილდა: 16%-ს საერთოდ არ სჯერა, 29% უფრო მეტად არ ელის, ვიდრე ელის, 25% უფრო მოელის ამ რეფორმებს, ვიდრე არა, ხოლო სრულიად დარწმუბული „ოცნებისეულ“ რეფორმებში 4%-ია. 25%-ი ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.
კვლევის ფარგლებში 1244 რესპონდენტი გამოიკითხა სატელეფონო ინტერვიუების სახით 20-დან 30 ივლისის პერიოდში. ცდომილება 2.8-დან 4.7%-მდეა.