კიბერშეტევის გამო ალბანეთი ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს და საელჩოს ყველა თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს
07/09/2022 15:01:11 მსოფლიო
კიბერშეტევის გამო ალბანეთი ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს და საელჩოს ყველა თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.
პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ ალბანეთში მყოფ ყველა ირანელ დიპლომატსა და საელჩოს თანამშრომელს ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცა.
"გვაქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ თეირანი მხარს უჭერდა სერიოზული კიბერშეტევის აქტს ალბანეთის რესპუბლიკის მთავრობის ციფრული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ალბანეთის მიერ მიღებული უკიდურესი ზომა სულაც არ იყო სასურველი, მაგრამ იყო აუცილებელი", – განაცხადა ედი რამამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ალბანეთის ამ ნაბიჯებზე ირანს ოფიციალური რეაქცია ჯერ–ჯერობით არ დაუფიქსირებია.
ტირანასა და თეირანს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც ალბანეთის ხელისუფლება 2013 წელს შეერთებული შტატების თხოვნით დათანხმდა, მიეღო ემიგრაციაში მყოფი 3000-წევრიანი ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც ირანის სახალხო მოჯაჰედინები (MEK). ირანის ხელისუფლება ჯგუფს ტერორისტულად მიიჩნევს.


