
როგორი დამოკიდებულება აქვთ რუსებს უკრაინის და საქართველოს მიმართ – გამოკითხვა
07/09/2022 11:43:52 საზოგადოება
უკრაინის წინააღმდეგ ომისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, ჩინეთის მიმართ რუსების პოზიტიურმა დამოკიდებულებამ პიკს მიაღწია: აგვისტოში „ლევადა–ცენტრის“მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88%–ს კარგი დამოკიდებულება აქვს ჩინეთის მიმართ, ხოლო 5%–ს – ნეგატიური.
კვლევის მონაწილეებს სთხოვეს, შეეფასებინათ თავიანთი დამოკიდებულება ჩინეთის, აშშ-ს, ესტონეთის, უკრაინის, საქართველოს, ბელარუსიის, თურქეთის და ევროკავშირის ქვეყნების მიმართ. მხოლოდ ბელარუსს აქვს ისეთივე მაღალი მაჩვენებლები, როგორიც ჩინეთს - 88%.
ყოველი მეხუთე რესპონდენტმა გამოხატა პოზიტიური დამოკიდებულება შეერთებული შტატების მიმართ, ხოლო 71%–მა – უარყოფითი. შეერთებული შტატების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების უფრო ცუდი მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირდა – 75%.
„ლევადა – ცენტრის“ სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ რუსების უმეტესობას ომის გამო ნეგატიური დამოკიდებულება აქვს დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინის მიმართ. უკრაინის მიმართ დამოკიდებულება რჩება „მუდმივად ცუდი“ – 66%. ამ ქვეყნის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 23%–ს. ამასთან, რუსების უმრავლესობას ევროკავშირის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს – 65%.
მნიშვნელოვნად გაუარესდა რუსების დამოკიდებულება ესტონეთის მიმართ: 2021 წლის ოქტომბრიდან უარყოფითი შეფასებების წილი 10-დან 57%–ზე გაიზარდა. გამოკითხული რუსების მესამედს კარგი დამოკიდებულება აქვს ამ ქვეყნის მიმართ.
კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოსა და თურქეთის მიმართ დადებითად არის განწყობილი.
გამოკითხვაში რუსეთის 50 რეგიონიდან 1612 ადამიანი მონაწილეობდა.
დიპლომატიურ დონეზე, პეკინი მხარს უჭერს მოსკოვს, გმობს სანქციებს და თავს იკავებს გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრისგან, თუ რეზოლუცია ეხება რუსეთს. თუმცა, ჩინური კომპანიები, მეორადი სანქციების შიშით, ტოვებენ რუსულ ბაზარს.