მიმდინარე კვირაში ისრაელმა სირიის აეროპორტი მეორედ დაბომბა
07/09/2022 06:58:25 მსოფლიო
ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ქალაქ ალეპოს აეროპორტი დაბომბა, – იუწყება სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "SANA".
მისი ცნობით, დარტყმის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ასაფრენი ბილიკი.
როგორც "SANA" იტყობინება, მიმდინარე კვირაში დაბომბვის გამო ალეპოს აეროპორტმა მუშაობა უკვე მეორედ შეაჩერა.
იერუსალიმში მომხდარის შესახებ კომენტარს ჯერ–ჯერობით არ აკეთებენ.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ მექდადმა მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ "ისრაელი ცეცხლს ეთამაშება და რისკავს უფრო ფართო სამხედრო კონფლიქტს"
"SANA" ისრაელის მიერ ალეპოს აეროპორტზე იერიშზე 1 სექტემბერსაც იუწყებოდა:
"ისრაელმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა სირიაში, ალეპოს აეროპორტზე მას შემდეგ, რაც იქიდან უკრაინაში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გაგზავნის შესახებ შეიტყო".
თავის მხრივ, ირანული მედია იუწყებოდა, რომ აეროპორტზე თავდასხმა განხორციელდა ცოტა ხნით ადრე მანამდე, სანამ იქ ირანიდან თვითმფრინავი უნდა დამჯდარიყო. თუმცა ლაინერმა კურსი შეიცვალა და დამასკოს აეროპორტში დაეშვა.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ რუსეთმა სირიაში მდებარე "ხმეიმიმის" ავიაბაზიდან თავისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები S–300 გაიყვანა. თანამგზავრული გადაღების ებრაული კომპანიის მონაცემებით, მოსკოვმა ისინი ყირიმის სიახლოვეს არსებულ პორტში გადასროლა უკრაინასთან ომში საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გასამაგრებლად. "ისრაელმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა, რათა თავდასხმა განეხორციელებინა", – ვარაუდობს "ალჯაზირა".


