
„ნეტფლიქსსა" და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა
07/09/2022 06:37:54 საზოგადოება
„ნეტფლიქსსა" და ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა, – იუწყება დასავლური მედია. შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა.
“მხარეები მოხარულები არიან, რომ საკითხი მოგვარდა”, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდერ რუფუს-ისაქსმა, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავდა.
მოგვიანებით, ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოჭადრაკე კმაყოფილია შედეგით, რომელიც დადგა საქმეზე "ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსის" წინააღმდეგ".
თბილისში 7 სექტემბერს მედიისთვის გამართულ პრეს–კონფერენციაზე ადვოკატმა კახა შარაბიძემ, კონფიდენციალურობის პირობის თანახმად არ დაასახელა რა პირობით შედგა მხარეებს შორის შეთანხმება.
"ამერიკის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია იმდენად, რამდენადაც მან დაადგინა, რომ მხატვრული ნაწარმოები არ წარმოადგენს დიფამაციისგან ანუ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებებისგან თავისუფალ ზონას და ეს არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან მხატვრული ნაწარმოების ფარგლებში განხორციელებული დიფამაციური განცდების გამო“, – განაცხდა შარაბიძემ.
მისი თქმით, მორიგების თაობაზე მოლაპარაკების ინიციატივა წამოვიდა სასამართლოს მხრიდან, „სასამართლოს მიერ შერჩეული მედიატორის მეშვეობით განხორციელდა ეს პროცესი რაც შეთანხმების მიღწევით დასრულდა".
რაც შეეხება "ნეტფლიქს" სერიალის შინაარსის კორექტირებას, რაზეც ნონა გაფრინდაშვილი დაობდა, ადოკატ მაია მწარიაშვილის განცხადებით, შინაარსი უცვლელად დარჩება, თუმცა სასამართლო პროცესის შემდეგ ყველამ იცის, რომ „ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი დიდოსტატი“, რომესაც ნათამაშები აქვს კაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგაც.
„მთავარი ამბავი იყო რომ სერიალში გავიდა არასწორი ინფორმაცია, რომ ქალბატონ ნონას არასოდეს უთამაშია კაცებს შორის და ის არის რუსი,რა მოცემულობაა დღეს - სრულიად მსოფლიო პრესა და არა მარტო საჭადრაკო საზოგადოება აშუქებს ამ მოვლენას უკვე მესამედ, პირველი იყო როდესაც სარჩელი შევიდა, მეორე იყო სასამართლო გადაწყვეტილება და დღეს. და აღარავის ეჭვი აღარ ეპარება დედამიწის ზურგზე, რომ ქალბატონი ნონა არის ქართველი საჭადრაკო ლეგენდა ეს შედეგი მიწეულია. უკვე ფორმალურია სერიალი, ყველამ იცის, რომ „ნეტფლიქსმა" არასწორი ინფორმაცია გადმოსცა სცენარში. თუ ადრე, საბჭოთა პერიოდში ქალბატონ ნონას საბჭოთა მოჭადრაკედ მოიხსენიებდნენ დღეს მას მხოლოდ ქართველ საჭადრაკო ლეგენდად მოიხსენიებენ და ჩვენ ქართველებმა ძალიან დიდი კვალი დავტოვეთ ამერიკის მართლმსაჯულების ისტორიაში, ამერიკულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო“,- განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
ნონა გაფრინდაშვილმა "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ დავა 2021 წლის სექტემბერში წამოიწყო. საქმე "ნეტფლიქსის" ცნობილ სერიალს "ლაზიერის გამბიტს" ეხება, რომლის ბოლო ეპიზოდში ქართველი მოთამაშეა ნახსენები. ეპიზოდში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის გამომცხადებელი აღნიშნავს, რომ გაფრინდაშვილი კაც მოთამაშეს არასდროს შეხვედრია.
სარჩელის თანახმად, აღნიშნული მტკიცება [გაფრინდაშვილი კაც მოთამაშეს არასდროს შეხვედრია] არის „აშკარა სიცრუე, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი“, ვინაიდან 1968 წელს, როცა ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული ათეულობით კაცთან.
ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს, ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვდა.