მედია – აშშ-სა და ევროკავშირში რუსული ფერადი ლითონების იმპორტი გაიზარდა
07/09/2022 06:06:32 მსოფლიო
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდეს რუსეთისგან სამრეწველო ლითონების შეძენა, – იუწყება Reuters ვაჭრობის შესახებ გაერო–ს მონაცემებზე დაყრდნობით.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში 70%-ით გაიზარდა რუსეთიდან აშშ-სა და ევროკავშირში ფერადი ლითონების, ალუმინის და ნიკელის იმპორტი და 1.98 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ფერადი ლითონების იმპორტის გაზრდის შესახებ Reuters-ის კითხვის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სანქციების გაფართოება არ გამორიცხა. საკითხზე სააგენტომ ვერ მიიღო კომენტარი ევროკომისიისგან.
"დასავლეთი სირთულეებს განიცდის რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის მხრივ, რადგან მან მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა და ნავთობის გაყიდვით მიღებული მაღალი შემოსავალი სანქციების შედეგების კომპენსირებაში ეხმარება", – წერს გამოცემა.
დასავლეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები სამრეწველო ლითონებს ნაკლებად შეეხო. უკრაინის ხელისუფლება მსოფლიოსგან დიდი ხანია ითხოვს, რუსეთთან ნებისმიერი სახის სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტას.


