Accentnews.ge
IAEA-მ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურში რუსული სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის განთავსება დაადასტურა – ანგარიში

IAEA-მ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურში რუსული სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის განთავსება დაადასტურა – ანგარიში

06/09/2022 16:18:50 მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გამოაქვეყნა ანგარიში უკრაინაში რადიაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელშიც, კერძოდ, საუბარია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ვიზიტსა და დასკვნებზე.

მისიამ დაადასტურა, რომ რუსეთმა განათავსა „სამხედრო პერსონალი, მანქანები და აღჭურვილობა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის რამდენიმე სამხედრო სატვირთო მანქანა ტურბინების დარბაზების პირველ სართულზე“.

IAEA-ს მისიამ ასევე დააფიქსირა როსატომის ექსპერტთა ჯგუფის ყოფნა, რომლებიც, როგორც მათ რუსულმა მხარემ განუცხადა, "აძლევენ რჩევებს ბირთვული უსაფრთხოების, დაცულობის და ქმედებების შესახებ“.

IAEA თვლის, რომ როსატომის უფროსი ტექნიკური პერსონალის ყოფნამ შეიძლება, „ხელი შეუშალოს ოპერატიული მენეჯმენტის ნორმალურ მუშაობას და შექმნას პოტენციური პრობლემები გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსების ყოფნამ უარყოფითი გავლენა მოახდინა სადგურის უკრაინელ პერსონალზე, რომლებიც იმყოფებიან „უკიდურესად სტრესულ პირობებში“.

თავის რეკომენდაციებში IAEA გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს სადგურის ნებისმიერი დაბომბვა, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი დაზიანება, რაც მოითხოვს „ყველა შესაბამისი მხარის თანხმობას“. ამასთან, არ არის მითითებული, თუ ვინ ახორციელებს დაბომბვას, უკრაინული და რუსული მხარეები კი ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ექსპერტები ასევე მოითხოვენ, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან „ყველა სატრანსპორტო საშუალების ამოღებას, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუშალოს უსაფრთხოების სისტემებისა და აღჭურვილობის მუშაობას“, ასევე პერსონალისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას.

ცალკე რეკომენდაცია ეხება უსაფრთხო ზონის დაუყოვნებლივ შექმნის აუცილებლობას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ და ამაში IAEA დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს.

"უკრაინაში უპრეცედენტო სიტუაციაა. პირველად ხდება შეიარაღებული კონფლიქტი დიდი ბირთვული დანადგარის ტერიტორიაზე", - ხაზგასმულია მოხსენების დასკვნებში, სადაც აღნიშნულია პოტენციური ბირთვული კონფლიქტის საფრთხე.

ბოლო კვირებში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ სადგურისთვის ცეცხლის გახსნაში, რამაც გააღრმავა შიში ბირთვული კატასტროფის შესაძლებლობაზე და IAEA-ს უბიძგა რუსეთისგან მოეთხოვა სპეციალისტების დაშვება ადგილზე. დელეგაციის ვიზიტის შემდეგ რაფაელ გროსიმ, რომელიც სადგურზე ჩასულ 14 პირისგან შემდგარ გუნდს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომადგენლობა [დარჩა ექვსი კაცი] ადგილზე მომავალი კვირიდან შემცირდება ორ სპეციალისტამდე, რომლებიც იქ უფრო დიდი ხნით დარჩებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S