რატომ არ აისახება ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე
06/09/2022 14:20:49 ეკონომიკა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის აზრით, იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე აისახოს, საჭიროა, ქვეყანაში ინფლაციის დონე შემცირდეს.
მისი თქმით, ამას ეროვნული ბანკის, მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა ესაჭიროება.
"ამ ზრდაში გავლენას ახდენს ტურიზმის ზრდა; ექსპორტი იზრდება; ასევე, ბუნებრივია, მიგრანტების ხარჯები იზრდება, კონფლიქტთან ახლოს მყოფი ქვეყნებიდან მიგრაცია იზრდება, მათ გაზარდეს მოთხოვნა და შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს. მაგრამ, ამ ფაქტორის გარეშეც ჩვენ მდგრადი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. იმისთვის, რათა ამ ზრდამ გავლენა მოახდინოს მოსახლეობაზე, მნიშვნელოვანია ინფლაცია შემცირდეს.
ინფლაცია ბოლო 2 წელია მაღალი გვაქვს და ის სისტემატიურად ორნიშნაა. მნიშვნელოვანია ინფლაცია დაითრგუნოს და ის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს. ეს არის ეროვნული ბანკის მანდატი და მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობა რათა ფასები რეალურად შემცირდეს", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
2022 წლის პირველ 7 თვეში საქართველოში ეკონომიკური ზრდა 10.2% იყო, ხოლო ინფლაციის დონემ აგვისტოში 10.9% შეადგინა.


