Accentnews.ge
ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია შესაძლოა, რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებიდან გავიდეს

ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია შესაძლოა, რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებიდან გავიდეს

06/09/2022 06:14:57 მსოფლიო

ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა პარლამენტს მიმართა საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის გასვლას რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებიდან.

გამოცემა Delfi-ს ინფორმაციით, პრეზიდენტმა კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მოამზადა. ეგილს ლევიტსის განცხადებით, მოსკოვის საპატრიარქოსთან ნებისმიერ კავშირზე უარის თქმა არსებითი საკითხია ლატვიელი მართლმადიდებლების, მთელი საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

მისი თქმით, დამოუკიდებელ, სამართლებრივ და დემოკრატიულ ლატვიაში მართლმადიდებლებს საკუთარი, დამოუკიდებელი ეკლესია უნდა ჰქონდეთ.

ლევიტსის ინფორმაციით, ინიციატივა შეთანხმებულია პარლამენტის თავმჯდომარესა და ყველა ფრაქციასთან და კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ. ლატვიის პარლამენტში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა არ არღვევს რელიგიური დამოუკიდებლობის პრინციპს, რადგან ითვალისწინებს არა ეკლესიის ვინმესთვის დაქვემდებარებას, არამედ პირიქით - დამოუკიდებლობას. თავად მართლმადიდებელ ეკლესიას პოზიცია ჯერ–ჯერობით არ დაუფიქსირებია.

ლატვიის მართლმადიდებელი, თვითმმართველი ეკლესია რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში 1990 წლიდან არის. მის სინოდს მართავს ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო ამტკიცებს. ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია 82 წლის მიტროპოლიტი ალექსანდრ კუდრიაშოვი.

ლატვია იმ სახელმწიფოებს შორისაა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის პატრიარქ კირილეს ადანაშაულებენ ომის მხარდაჭერაში.

ლატვიის 1.8-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს რუსები შეადგენენ. ქვეყანაში 700 ათასზე მეტი ლუთერანი, 500 ათასამდე კათოლიკე და დაახლოებით 370 ათასი მართლმადიდებელი ცხოვრობს.

ლატვიის კანონმდებლობით, ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნულია, თუმცა 2019 წელს მიღებული კანონით, მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტობა, ან ეპისკოპოსობა შეუძლია მხოლოდ ლატვიის მოქალაქეს, რომელიც, სულ მცირე, 10 წელია, ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S