უკრაინის კონტრშეტევის გამო ხერსონში რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმი გადადეს
05/09/2022 14:10:49 მსოფლიო
უკრაინის ხერსონის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში მოსკოვის მიერ დანიშნული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი კირილ სტრემუსოვი აცხადებს, რომ გადაიდო რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმი იმ ფონზე, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ბრძოლას ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად.
"კენჭისყრისთვის მომზადებული ვართ და გვინდოდა რეფერენდუმი უახლოეს მომავალში ჩაგვეტარებინა, მაგრამ ამ მომენტში მიმდინარე მოვლენების გამო ვფიქრობ, პაუზას ავიღებთ", - განუცხადა სტრემუსოვმა რუსულ მედიას.
აგვისტოს ბოლოს უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო სამხრეთში და განსაკუთრებით ხერსონის რეგიონში. კიევი აცხადებს, რომ გარკვეული ტერიტორია დაიბრუნა, მძიმე შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმებს ჩაატარებს, ვერ გაიმართება სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასთან ან საერთაშორისო მოკავშირეებთან.


