ბობო ლო: "ომმა გამოაჩინა, რომ მსოფლიო დღის წესრიგს არა ჩინეთი, არამედ რუსეთი ემუქრება"
05/09/2022 10:38:03 მსოფლიო
მწერალი, საგარეო ურთიერთობების ექსპერტი, ჩინური წარმოშობის ავსტრალიელი პროფესორი ბობო ლო აცხადებს, რომ საერთაშორისო წესრიგს რუსეთის ფედერაცია უფრო დიდ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ჩინეთი. ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" განაცხადა.
"რუსეთის და პუტინის შეჭრა უკრაინაში საერთაშორისო წესრიგის ყველაზე სერიოზული დარღვევაა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეა სამხრეთში შეიჭრა 1950 წელს. ეს არ ეხება მხოლოდ ერთი ქვეყნის სუვერენიტეტს და თავისუფლებას. ეს საერთაშორისო წესრიგის მომავალს ეხება. ნუ ვიქნებით ილუზიებში - ყველასთვის ნათელია, რომ მისი შედეგები გლობალურია. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, სათანადოდ დავუჭიროთ მხარი უკრაინას, საერთაშორისო წესრიგით შემუშავებული წესების იდეა არალეგიტიმური გახდება. არა მხოლოდ დასავლეთს მიღმა, არამედ დასავლეთშიც. ეს იქნება ყველა - დიდი თუ პატარა სახელმწიფოს წახალისება, იმოქმედოს ანარქიულად და დესტრუქციულად. მაგრამ თუ პუტინი დამარცხდება და დიდი იმედი მაქვს, ასეც მოხდება, ეს აჩვენებს, რომ საერთაშორისო ღირებულებები კვლავ მნიშვნელოვანია. ეს წაახალისებს ლიბერალურ ღირებულებებს, ნორმებს და ინსტიტუტებს. ეს დაგვეხმარება ჩარჩოს შექმნაში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვაგვაროთ ჩვენი დროის პრობლემები, ისეთები, როგორიც არის კლიმატის ცვლილების დაჩქარება, პანდემიური დაავადებები, ტექნილოგიური ტრანსმისია, საინფორმაციო რევოლუცია და ა.შ. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ უკრაინამ უკვე მოიგო ომი. მე ამის არ მჯერა. პუტინი ჯერ არ დამარცხებულა. შედეგი ჯერ არ დამდგარა. თუმცა, ვფიქრობ, რომ რამდენიმე სიმართლე გამოჩნდა ამ 6 თვეში. პირველი რეალობა, რაც გამოჩნდა, არის ის, რომ არა ჩინეთი, არამედ რუსეთი არის ის, რომელიც ემუქრება მსოფლიო დღის წესრიგს. მეორე რეალობა, რაც ომმა გამოკვეთა, არის აშშ-ის განგრძობადი ცენტრალურობა რეგიონალურ და მსოფლიო წესრიგში. ასევე, გამოჩნდა ალიანსების კრიტიკული მნიშვნელობა. ამიტომ, ნებისმიერი იდეა, პირველ რიგში, ამერიკა დაივიწყეთ. მესამე, რაც გამოიკვეთა, ეხება რუსეთ-ჩინეთის მეგობრობას, განცხადებებს ულიმიტო მეგობრობაზე და ა.შ - ომმა აჩვენა, რომ მათ მეგობრობას აქვს ძალიან რეალური საზღვრები. ჩინეთის და რუსეთის ინტერესები ერთი და იგივე არ არის. ასევე, ომმა გამოკვეთა საერთაშორისო ნორმების როგორც ძვირფასობა, ისე სიმყიფე. ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ გლობალური ხედვა", – განაცხადა ბობო ლომ.


