არესტოვიჩი:"უკრაინის არმია ხერსონის მიმართულებით წამოწყებული კონტრშეტევის ფარგლებში წინ მიიწევს"
04/09/2022 09:10:08 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის არმია ხერსონის მიმართულებით წამოწყებული კონტრშეტევის ფარგლებში "წინ მიიწევს".
„არ გამართლდა რუსეთის იმედი - ხერსონის მიმართულებით პაუზასთან დაკავშირებით. მათ იჩქარეს გამარჯვების გამოცხადება. დელიკატურად რომ ვთქვათ, მებრძოლების მიერ ღია წყაროებში გავრცელებული ვიდეოების რაოდენობა და ასევე ადგილები და წინ წაწევა, აჩვენებს, რომ ჩვენი ჯარი აქტიურად მოქმედებს ხერსონის მიმართულებით... არანაირი პაუზა არ არის. [რუსეთის ხელისუფლებაში] ყვებოდნენ, რომ გაგვანადგურეს და წინ წაწევის საშუალება არ მოგვცეს... ზღაპრებია ეს. [უკრაინის ჯარი] წინ მიიწევს“, - განაცხადა არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივ“-ის ეთერში.
გავრცელებული ოფიციალური ცნობების თანახმად, უკრაინულმა არმიამ ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა 29 აგვისტოს წამოიწყო. მალევე, კიევმა გამოაცხდა ერთგვარი მორატორიუმი, ფრონტის ამ მონაკვეთთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაზე. კიევმა გადაუმოწმებელ ცნობებზე მსჯელობისგან თავის შეკავება ურჩია როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ექსპერტებსა და მედიას.
რუსეთის ხელისუფლებამ 29 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინული არმიის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა; თუმცა საწინააღმდეგოზე მეტყველებს რუსულ მედიაში გავრცელებული რუკები. ასევე ვრცელდება აფეთქებებისა და უკრაინელი ჯარისკაცების წინსვლის ამსახველი ვიდეომასალები. მათი ნამდვილობა ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ [რუსეთი დღემდე ასე უწოდებს უკრაინაში მის მიერ წარმოებულ არაპროვოცირებულ, სრულმასშტაბიან ომს] მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


