შრი-ლანკიდან გაქცეული ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში დაბრუნდა
03/09/2022 11:36:24 მსოფლიო
შრი-ლანკის ყოფილი პრეზიდენტი გოტობაია რაჯაპაკსი, რომელმაც მასობრივი პროტესტის ფონზე ქვეყანა დატოვა, უკან დაბრუნდა.
BBC-ის ინფორმაციით, შრი-ლანკის ზოგიერთი მინისტრი მას აეროპორტში დახვდა.
მოსახლეობა ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაში გოტობაია რაჯაპაკსს ადანაშაულებს. აპრილში საპროტესტო აქციები საწვავსა და საკვებზე გაზრდილი ფასების გამო დაიწყო. ასი ათასობით ადამიანი პრეზიდენტ რაჯაპაკსისა და მისი ძმის მაჰინდას გადადგომას მოითხოვდა, რომელსაც იმჟამად პრემიერ–მინისტრის პოზიცია ეკვა.
ივლისში ათასობით მომიტინგე პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრა, რის შემდეგაც რაჯაპაკსი ქვეყნიდან გაიქცა ჯერ მალდივებზე, შემდეგ კი სინგაპურში, საიდანაც გადადგომის შესახებ განაცხადა.
"ჩვენ არ ვართ რაჯაპაკსის დაბრუნების წინააღმდეგნი. შრი-ლანკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ქვეყანაში დაბრუნება. მოქალაქეები მის მთავრობაში კორუფციას აპროტესტებდა. პირადი მტრობა არ გვაქვს", - განუცხადა BBC-ს პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯივანთა პეირისმა.
შრი-ლანკას ამჟამად ახალი პრეზიდენტი რანილ ვიკრამასინგჰე ჰყავს. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ახალი მთავრობა პროტესტის ჩახშობას ცდილობს: სტუდენტური გაერთიანების სამი ლიდერი, რომლებიც პროტესტს სათავეში ედგნენ, დააკავეს. დააკავეს პროტესტის სხვა მონაწილეებიც.


