რუსეთში ევროკავშირის ელჩმა თანამდებობა დატოვა
03/09/2022 11:21:26 მსოფლიო
რუსეთში ევროკავშირის ელჩმა მარკუს ედერერმა თანამდებობა დატოვა.
მიზეზი ედერერს არ განუმარტავს.
„ჩემს თანამდებობას სუფთა სინდისით ვტოვებ. ვფიქრობ, რაც შემეძლო, გავაკეთე,“ – უთხრა დიპლომატმა მედიას.
რუსეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე მან თითქმის ხუთი წელი იმუშავა.
თავისი მუშაობის შეჯამებისას ედერერმა აღნიშნა ძალისხმევა სტუდენტური გაცვლისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის თანამეგობრობაში რუსეთის ჩართვის საკითხებში. მან ასევე მიანიშნა „მცირე წარმატებებზე“, რომლებზეც დეტალურად არ ულაპარაკია, რათა საფრთხე არ შეექმნა მათთვის.
ედერერმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროპის მხრიდან რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. „ჩვენ ვცდილობდით, მხარი დაგვეჭირა სივრცისთვის, რომელსაც ხელისუფლება სულ უფრო მეტად ზღუდავდა, ჩვენ ვცდილობდით, ის გახსნილად შეგვენარჩუნებინა,“ თქვა ედერერმა და დააზუსტა, რომ საქმე ეხება ყოველგვარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას.


