Accentnews.ge
მოძრაობის რიგი წესების დარღვევისთვი სანქციები მკაცრდება

მოძრაობის რიგი წესების დარღვევისთვი სანქციები მკაცრდება

03/09/2022 11:16:52 საზოგადოება

შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის მძღოლი 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარით დაჯარიმდება.

თუ სიჩქარის გადაჭარბება საავარიო ვითარებას ქმნის, სანქცია იზრდება და მძღოლი 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება.

ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება.

ასევე იზრდება სანქცია 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის - კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს - ამ შემთხვევაში მძღოლი 400 ლარის ნაცვლად 300 ლარით დაჯარიმდება.

დასჯადი დახდება ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება - ე.წ. დრიფტი.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, ამისთვის მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.

თუ მას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ეს დამატებით გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად ასევე მოითხოვს, რომ დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინების ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის 500-ლარიანი ჯარიმა დაწესდეს.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. კანონპროექტით, იზრდება ჯარიმა აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლისთვისაც სანქციის ოდენობა იქნება – 1 000 ლარი.

სანქცია წესდება მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას – 700 ლარის ოდენობით. ასევე ცვლილებებით, 250 ლარიდან 300 ლარამდე იზრდება ჯარიმა არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე წარედგინება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S