"ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს"
02/09/2022 13:00:33 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს.
„მტკიცედ მჯერა, რომ ახლა დროა, ევროპამ მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვრი დააწესოს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკავშირში ამ თემაზე სავარაუდოდ 9 სექტემბერს დაგეგმილ ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ.
მოგვიანებით, რუსეთში ლაიენის განცხადებას გამოეხმაურნენ. ექს–რეზიდენტ დმიტრი მედვედევის თქმით, თუ ევროპა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, "რუსეთი უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს".
განცხადება გაკეთდა კრემლშიც. რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ რუსულმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში რეკორდულ, 41.75-მილიარდიან მოგებაზე გავიდა. საერთაშორისო სანქციების საპასუხოდ რუსეთის მიერ დაწყებულმა ენერგო მანიპულაციებმა ევროპაში მნიშვნელოვნად გაზარდა ენერგიის ფასი, რაც კომპანიის შემოსავლებზე დადებითად აისახა.


