მედია – „ლუფთჰანზას“ მფრინავების გაფიცვის გამო ფრანკფურტსა და მიუნხენში 800-მდე რეისი გაუქმდა
02/09/2022 09:47:14 მსოფლიო
გერმანული ავიაკომპანიის „ლუფთჰანზას“ მფრინავების გაფიცვის გამო ფრანკფურტსა და მიუნხენში 800-მდე რეისი გაუქმდა, – იუწყება Reuters.
„ლუფთჰანზას“ ხუთი ათასზე მეტი მფრინავი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა. საპროტესტო ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც მფრინავების პროფკავშირსა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
კომპანიამ განაცხადა, რომ პილოტებს შესთავაზა 900 ევროს ერთჯერადი ზრდა, რითაც 5%-ით გაიზარდება უფროსი მფრინავების და 18%-ით დამწყები პილოტების ანაზღაურება. მფრინავების პროფკავშირი მოითხოვს, რომ ავიაკონცერნმა 5 000 კაპიტანსა და პირველ პილოტს ხელფასი 5.5%-ით გაუზარდოს და ანაზღაურების გადახდის სქემა ავტომატურად მიაბას ინფლაციის მაჩვენებელს.


