
IDFI – 2022 წლის პირველ 7 თვეში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა
02/09/2022 07:58:07 საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ინფორმაციით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 723 მოქალაქეს მიენიჭა.
IDFI–ს ცნობით, 2018-2022 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა 13 575 პირს მიენიჭა. ამ მაჩვენებლიდან საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8 464 პირიდან 72% (6 075 პირი) წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს.
"2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ", – აცხადებს ორგანიზაცია.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხები დარეგულირებულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონით. კანონის მიხედვით, არსებობს ხუთი წესი, რომელთა მიხედვითაც უცხოელს შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა:
- ჩვეულებრივი წესი - პირსსაქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება თუ ბოლო 10 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები, საქართველოში მუშაობს ან/და აქვს უძრავი ქონება ან საქართველოს ან საქართველოში ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.
- გამარტივებული წესი - საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირი, რომელიც ბოლო 5 წელი ცხოვრობს საქართველოში. დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
- საგამონაკლისო წესი - უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. სახელმწიფო ინტერესების შეფასებაში მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოებები. მათ შორის: საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და მისი წინაპარი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული პირი, სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. ასევე, ისეთი პირები რომელიც საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას რომლითაც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, ასევე სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში წარმატებული პირი, რომელსაც სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.
- აღდგენის წესი - საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა არამართლზომიერად, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით, მშობლის არჩევანის შედეგად, სხვა ქვეყნის მოპოვებასთან დაკავშირებით.
- სპეციალური წესი - საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა.
საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველების განცხადებებს განიხილავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. დადებით რეკომენდაციებს სააგენტო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.