ბაიდენი: "ამერიკამ უნდა აირჩიოს წინსვლა, ან უკან დაბრუნება"
02/09/2022 06:00:03 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელი ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები დემოკრატიის ხელყოფის მცდელობასა და პოლიტიკურ ძალადობაში დაადანაშაულა
ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, კონგრესის შუალედურ არჩევნებში უარი უთხრან "პოლიტიკურ ექსტრემიზმს".
აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის შეფასებით, დონალდ ტრამპის იდეოლოგიის, MAGA-ს მიმდევრები პატივს არ სცემენ კონსტიტუციას, ხელყოფენ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების და პირადი ცხოვრების თავისუფლების პრინციპებს და სურთ, ქვეყანა უკან დააბრუნონ.
"ამერიკამ უნდა აირჩიოს წინსვლა, ან უკან დაბრუნება", – განაცხადა ბაიდენმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა როგორც დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს მოუწოდა, "გაერთიანდნენ პოლიტიკურ ექსტრემიზმსა და პოლიტიკურ ძალადობასთან საბრძოლველად".
კონგრესის შუალედური არჩევნები, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართება, გადაწყვეტს, შეინარჩუნებენ თუ არა დემოკრატები უმრავლესობას სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერმა კევინ მაკკარტიმ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა ამერიკელების დაყოფის მცდელობაში და დემოკრატები გააკრიტიკა ქვეყანაში ინფლაციის და დანაშაულის გაზრდის გამო. მაკკარტის განცხადებით, "ბაიდენი თავს ესხმის ამერიკის სულს, ხალხს, კანონებს და ფასეულობებს".


