
კუბამ ბოლო 43 წლის განმავლობაში პირველი პრეზიდენტი აირჩია
11/10/2019 07:25:14 სხვა, მსოფლიო
კუბის ეროვნულმა ასამბლეამ ქვეყნის პრეზიდენტად მიგელ დიას-კანელი აირჩია.
პრეზიდენტად 17 კანდიდატი იყრიდა კენჭს. დიას-კანელს 605-დან 579-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წერს კუბის კომპარტიის ცკ-ის ოფიციალური გაზეთი Granma.
1976 წელს კუბაში პრეზიდენტის თანამდებობა გაუქმდა. ქვეყანას იმ დროიდან სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეები ხელმძღვანელობდნენ. პრეზიდენტის თანამდებობა 2019 წლის დასაწყისში, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ აღადგინეს.
პრეზიდენტს პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს, ამასთან, ერთი და იგივე პირი ამ თანამდებობაზე მხოლოდ ორი ვადით შეიძლება, აირჩეს.
მიშელ დიას-კანელი კუბას სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის რანგში 2018 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა. იგი პირველი ადამიანი გახდა არა კასტროს ოჯახიდან, რომელიც კუბას კომუნისტური რევოლუციის მომენტიდან დღემდე ჩაუდგა სათავეში.
კუბის ახალი კონსტიტუცია რეფერენდუმის გზით 2019 წლის თებერვალში მიიღეს. მას კუბელების 73%-მა დაუჭირა მხარი. სახელისუფლებო სტრუქტურაში რიგი ცვლილებების გარდა, კონსტიტუციით ასევე დამტკიცდა მოქალაქეთა უფლება კერძო საკუთრებასა და თავისუფალ ბაზარზე.