
მოსკოვი რუსეთ–ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის "სწრაფვას" მიესალმება
01/09/2022 16:03:08 კონფლიქტები
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მიესალმება "აფხაზების სწრაფვას", რუსეთ–ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანდნენ, – განაცხადა «Говорит Москва»-სთან საუბრისას სახელმწიფო სათათბიროს დსთ–ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას ამასწინანდელი ინიციატივების საპასუხოდ.
"ეს მნიშვნელოვანი განცხადებებია, რომელთა მიზანია, საკავშირო სახელმწიფოში შემოსვლით გადაიჭრას რუსეთთან ურთიერთობების პოტენციალის გაზრდის კუთხით არსებული უამრავი პრობლემა, რაც აფხაზეთს საკავშირო სახელმწიფოს საერთო სივრცეში წევრობას უქადის. ჩვენ – სახელმწიფო სათათბირო – მომხრეები ვართ იმისა, რომ რათა შეიქმნას პირობები რუსეთ–ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს მსგავსად, რუსეთს და აფხაზეთს შორის საზღვარზე კონტროლის თანდათანობითი მოხსნისათვის. მაგრამ მანამდე აუცილებელია, აფხაზეთი ამ საკავშირო სახელმწიფოს ნაწილად იქცეს, შევიდეს მასში", – განაცხადა ზატულინმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ შეახსენა სოხუმს აფხაზური კანონმდებლობის რუსულთან ე.წ ჰარმონიზაციის აუცილებლობა:
"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთის განვითარებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის გამარტივებისთვის აუცილებელია, დავაახლოვოთ ჩვენი კანონმდებლობები და სოხუმმა ბოლოს და ბოლოს მრავალგზის გადადებული გადაწყვეტილებები, რომელიც, კერძოდ, აფხაზეთში რუსული ინვესტიციების დაცულობას, საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების უნიფიკაციას, უცხოელებზე მიწისა და უძრავი ქონების, ასევე სტრატეგიული ობიექტების გასხვისებას უკავშირდება".
ზატულინის მტკიცებით, აფხაზეთის ამჟამინდელი მდგომარეობა "ნეგატიურად აისახება რესპუბლიკის განვითარების პერსპექტივებზე, ხოლო საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება სერიოზულ პერსპექტივებს გაუხსნის აფხაზეთს, რესპუბლიკას არაერთი იმ საკითხის გადაჭრის მიმართულებით, რომელიც დღეს მის განვითარებას აფერხებს, მათ შორის – საკურორტო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობსა და სხვა დარგების ჩამორჩენილობის კუთხით".
არ დავიწყებია რუს დეპუტატს აფხაზებისთვის "ქართული საფრთხის შეხსენებაც":
"განვითარებაში მსგავსი ჩამორჩენა მით უფრო დაუშვებელია იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთს კვლავინდებურად რჩება შეურიგებელი მტერი – საქართველო. იგი დემონსტრირებს პროგრესს უცხოური ინვესტიციების წყალობით საკუთარი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და აქ როგორც ხარისხის, ისე მომსახურებათა ჩამონათვალის და სხვა ასპექტებში დღევანდელი აფხაზეთი აშკარად აგებს".
ამასთან, როგორც ზატულინმა აღნიშნა, საკავშირო სახელმწიფოში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის აფხაზეთს ამ გაერთიაების სხვა წევრების აღიარება დასჭირდება:
"ამ საკითხში რუსეთისა და აფხაზეთს ინტერესები ემთხვევა, მარგამ არსებობს წინაღობები: ჩვენ ჯერ არ ვიცით ბელარუსის პრეზიდენტის პოზიცია. დღემდე ბელარუსი არც აფხაზეთს აღიარებდა არც სამხრეთ ოსეთს. მაგრამ დროება შეიცვალა და ახლა აღარ იქნება სადარდებელი, თუ მსაგვსი აღიარების სანაცვლოდ ბელარუსს ვინმე რაღაც სანქციებს დაუწესებს – მის მიმართ ხომ სანქციები ისედაც მოქმედებს. მაგრამ არსებობს მეორე პრობლემა: ვინაიდან საბაჟო გადასახადები და მოსაკრებელი ჩვენთან არა საკავშირო სახელმწიფოს, არამედ ევრაზიული კავშირის ფარგლებში რეგულირდება, საჭირო იქნება ევრაზიული კავშირის წევრთა თანხმობის მიღწევა იმაზე, რომ საერთო საბაჟო ზონაში მივიღოთ რესპუბლიკები, რომლებსაც ისინი არ აღიარებენ".
იხილეთ ასევე: რუსეთის ანექსიური ზრახვების გამო აფხაზეთში “სახელმწიფო სუვერენიტეტის გადარჩენის კომიტეტი” ჩამოყალიბდა.