
ტრამპი – თურქულ ოპერაციაზე: "სამი არჩევანი გვაქვს"
11/10/2019 06:57:56 სხვა, მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, მას შეუძლია გახდეს მედიატორი თურქეთსა და ქურთ მებრძოლებს შორის. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩვენ სამი არჩევანი გვაქვს: ათასობით სამხედრო გავგზავნოთ და მოვიგოთ სამხედრო გზით ან თურქეთს ფინანსურად დავარტყათ და დავუწესოთ სანქციები. მესამე არჩევანი ქურთ და თურქულ ძალებს შორის მედიაციაა“, -აცხადებს ტრამპი.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, თურქეთმა კარგად იცის მისი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით და აღიარებს, რომ ამერიკელ ხალხს რეგიონიდან ჯარების გაყვანა არ გაუხარდა.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჯარების გაყვანის ბრძანება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გასცა.
ავკასიოლოგი გიორგი კანაშვილი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით ვრცელ სტატუსს ავრცელებს და განმარტავს რა ხდება ამ მოვლენების ირგვლივ:
„რა უნდა თურქეთს
ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიის დიდ ნაწილს ქურთები აკონტროლებენ, რომლებიც რეგიონში ამერიკელებისა და ზოგადად დასავლეთის, მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ. თურქეთი მათ „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ მოკავშირედ და შესაბამისად, თურქეთისადმი მტრულად განწყობილ ძალად მიიჩნევს. თურქეთის მიზანია, სამხედრო ოპერაციის მეშვეობით ე.წ. უსაფრთხო ზონა შექმნას, რომელსაც 32 კილომეტრის სიღრმე ექნება (სირიის საზღვრიდან) და დაახლოებით 500 კილომეტრის სიგრძე. ამასთან, თურქეთი აქ 2 მილიონი სირიელი დევნილის გადასახლებასაც აპირებს, ამით ადგილზე დემოგრაფიული სურათის შეცვლას მოახერხებს.
ქურთების სამხედრო მზაობა
თურქეთს უპირისპირდებიან ქურთები, რომლემსაც დაახლოებით 40 000 ჯარისკაცი ჰყავთ და კიდევ ორი-სამი ათეული ათასი კაცი, გაბნეული სხვადასხვა გასამხედროებულ უწყებებში. ამბობენ, რომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ისინი კარგად გამოიწვრთნენ და მაღალი საბრძოლო შემართებით გამოირჩევიან. თუმცა, მათ არ აქვთ შესაბამისი შეიარაღება - არც ტანკსაწინააღმდეგო და არცა ანტისაჰაერო დანადრგარები. მეორეს მხრივ, შეგახსენებთ, თურქეთი ნატო–შიც კი, ამერიკის შემდეგ, მეორე ჯარად ითვლება.
"ისლამური სახელმწიფოს" ფაქტორი
ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსებულია რამოდენიმე საპყრობილე, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები და მათი ოჯახის წევრები არიან განთავსებულნი (დაახლოებით 80 000 ადამიანზეა საუბარი, აქედან 10 000 მებრძოლია); გაუგებარია, ვინ დაიცავს ამ საპყრობილეებს, თუ ქურთები საკუთარ ძალებს თურქეთის საზღვრისკენ გადაისვრიან.
ვინ ხეირობს მდგომარეობით
შეიძლება ითქვას, ყველა ამერიკელებისა და ქურთების გარდა. დამასკოს, მოსკოვისა და თეირანის პოზიციები რეგიონში კიდევ უფრო ძლიერდება; ამერიკელებისაგან მიტოვებულმა ქურთებმა, არაა გამორიცხული დახმარებისთვის მოსკოვს მიმართონ. ჩნდება "ისლამურ სახელმწიფოს" „აღდგომის“ საფრთხეც.
ამასთან, კითხვა: „დღეს, რომ ქურთები მიატოვეს, ხვალ ჩვენც, ხომ არ მიგვატოვებენ?“, სრულიად ლეგიტიმური ხდება: მეეჭვება, ტრამპის ადმინისტაციამ მასზე პასუხი გამოძებნოს. ამ ამბავში კარგი მხოლოდ ისაა, რომ ტრამპს აკრიტიკებენ, როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები".
ცნობისთვის: თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ქურთული შენაერთებია გამაგრებული, სამხედრო ოპერაცია დაიწყო. თურქმა სამხედროებმა უკვე დაიკავეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნე ობიექტი, ხოლო ავიაციამ და არტილერიამ სირიის ჩრდილოეთში 181 სამიზნე ობიექტი დაბომბა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს.