
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალისა და მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
01/09/2022 07:59:53 საზოგადოება
დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 30 წლამდე ქალისა და 1 წლამდე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
რაც შეეხება 30 წლამდე ქალს, იგი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია.
დიდ დიღომში აფეთქება დღეს გამთენიისას მოხდა. დაშავებულები ნიგერიის მოქალაქე ქალი და ბავშვი არიან. ასევე დაშავებულია მამაკაცი, იგი ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების დროს გვერდზე სახლში იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.