ენერგოდარის მერი: "IAEA–ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე მისვლას ვერ ახერხებს, რადგან რუსები შეთანხმებულ მარშრუტებს ბომბავენ"
01/09/2022 06:12:49 მსოფლიო
ენერგოდარის მერი დმიტრო ორლოვი აცხადებს, რომ "ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე მისვლას ვერ ახერხებს, რადგან რუსები შეთანხმებულ მარშრუტებს ბომბავენ".
„მოვითხოვთ, რომ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს პროვოკაციები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას უკრაინის ატომურ ობიექტზე შეუფერხებლად წვდომის საშუალება მისცეს“, - განაცხადა მერმა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია კიევში 30 აგვისტოს ჩავიდა.
14 წევრისგან შემდგარმა მისიამ, რომელსაც სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს.
რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა. რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ. უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს. ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში ამ ტიპის უდიდეს სადგურად ითვლება.
IAEA–ს გენერალურმა დირექტორმა არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.


