Accentnews.ge
უკრაინული სარდლობა ხერსონზე კონტრშეტევის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინული სარდლობა ხერსონზე კონტრშეტევის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს

01/09/2022 06:09:25 მსოფლიო

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ბერისლავის, გენიჩესკის და ხერსონის რაიონებში რუსული ძალების საბრძოლო მასალის ექვსი საცავი გაანადგურეს, – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობა.

მისი ცნობით, სამხრეთის მიმართულებით შეტევის შედეგად განადგურებულია 201 რუსი ოკუპანტი, 12 ერთეული T-72–ის ტიპის ტანკი და 18 ჯავშანმანქანა.

სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ 24 დარტყმა მიაყენა მტრის კონცენტრაციის ადგილებს, მის ძალებსა და საშუალებებს, სამეთაურო პუნქტებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, სატრანსპორტო მარშრუტებსა და საბრძოლო პოზიციებს.

29 აგვისტოს კიევმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში გაარღვიეს რუსეთის ჯარის თავდაცვის პირველი ხაზი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული დაჯგუფება „კახოვკა“ იუწყებოდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული სარაკეტო სისტემებით(HIMARS) უკვე გაანადგურეს ხერსონის მახლობლად მდებარე პრაქტიკულად, ყველა დიდი ხიდი.

"ბრძოლის შედეგად ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა თავის პოზიციები დატოვა, ხოლო რუსი მედესანტეები, რომლებიც პოლკს ეხმარებოდნენ ბრძოლის ველიდან გაიქცნენ", – იტყობინებოდა „კახოვკა“.

მოგვიანებით, CNN იუწყებოდა, რომ უკრაინელებმა ხერსონის მიდამოებში ოთხი სოფელი დაიბრუნეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა უკრაინის იერიშის დაწყება, მაგრამ ირწმუნება, რომ კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა და მისმა ძალებმა უკრაინელებს დიდი ზარალი მიაყენეს:

„მტრის მიერ თავდასხმის მცდელობამ სრული მარცხი განიცადა“.

მანამდე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ხელმძღვანელი სერგეი აკსენოვი ირწმუნებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთით კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ ცნობა „უკრაინული პროპაგანდის მორიგი „ფეიკია.“

ამავე დროს, ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული „ხელმძღვანელის მოადგილემ" იური სობოლევსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საკუთარი თავისა და ახლობლების უსაფრთხოებაზე იზრუნონ. კახოვკის რაიონში რუსეთის მიერ დანიშნული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის „ხელმძღვანელის" ვლადიმირ ლეონტიევის თქმით, ნოვაია-კახოვკის მცხოვრებლებისთვის გამოცხადებულია ევაკუაცია სამუშაო ადგილებიდან, „ხალხი იმყოფება ქალაქში, თავშესაფრებში, რადგან განგაშის ხმა არ წყდება".

გასულ ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იბრუნებს და დაიბრუნებს ხარკოვს, ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს და ყირიმს. ზელენსკიმ რუს სამხედროებს მოუწოდა, თუ თავის გადარჩენა სურთ, დროა გაიქცნენ, ან ტყვედ ჩაბარდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S