ირანში კიდევ ორ იმამს დაეხსნენ თავს
31/08/2022 19:53:51 მსოფლიო
ირანში სასულიერო პირებზე გახშირებული თავდასხმების ფონზე, ქვეყანაში მორიგი ინციდენტი მოხდა: ქალაქ ყუმში ორ იმამს უცნობი პირები დაესხნენ თავს.
ყუმის ისლამურ სემინარიასთან დაკავშირებულ სააგენტო Hawzah -ის ცნობით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმამებს თავს დაესხა "უმიზეზოდ, რკინის მილით". დაზიანდა სასულიერო პირების მანქანებიც. ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია სჭირდება. ყუმის პოლიციის დეპარტამენტს მომხდარის შესახებ ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა ცნობები ირანის სხვადასხვა რაიონში სასულიერო პირებზე თავდასხმის შესახებ. ირანის მოსახლეობაში კი დაძაბულობა იზრდება საცხოვრებელი პირობების გაუარესების გამო.
როგორც მანამდე ისლამური სემინარიის უფროსმა თანამშრომელმა მოჰამად თაღი ფაზელ მეიბოდიმ თქვა, ბევრი სასულიერო პირი და სემინარიის სტუდენტი არ ჩნდება საჯარო შეკრებებზე ხალხის მხრიდან მათი "დაცინვის და ლანძღვის" გამო.


