ყირიმში ხანძრის შედეგად დაზიანებულ საწყობს რუსი სამხედროები იყენებდნენ - "ყირიმ SOS"
31/08/2022 19:42:23 მსოფლიო
ანექსირებული ყირიმის სოფელ კრასნოგვარდეისკოეში მდებარე სამშენებლო მასალების საწყობს, რომელიც 31 აგვისტოს ხანძრის შედეგად დაზიანდა, რუსი სამხედროები იყენებდნენ,– იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაციის "ყირიმ SOS"-ის გამგეობის ხელმძღვანელი ალექსეი ტილნენკო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჟანკოის რაიონში ბოლო აფეთქებების შემდეგ, რუსმა დამპყრობლებმა სამხედრო ტექნიკა სამშენებლო მასალის საწყობში, სოფელ კრასნოგვარდეისკოეში განათავსეს. ოკუპანტები განაგრძობენ მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხეში ჩაგდებას საცხოვრებელ ადგილებში სამხედრო ტექნიკის განთავსებით“, - განაცხადა ალექსეი ტილნენკომ.
მანამდე Крым.Реалии–ს კორესპონდენტი ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო ხანძარი გაუჩნდა Dobrotsen-ის საყოფაცხოვრებო და საკვები პროდუქტების ქსელის მაღაზიას. ცეცხლი მაღაზიის დამხმარე ნაგებობაზევ გავრცელდა, სადაც სამშენებლო მასალები იყო განთავსებული.


