ხერსონში რუსმა სამხედროებმა და ФСБ–ს ოფიცრებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს – The Insider
31/08/2022 19:20:06 მსოფლიო
რუსმა სამხედროებმა და ФСБ–ს ოფიცრებმა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ხერსონში, კაფეში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს,– ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პროტოკოლში, რომელიც The Insider-მა გამოაქვეყნა.
შეიარაღებული ინციდენტის შედეგად სამი პირი ადგილზე დაიღუპა, ორი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ФСБ–ს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომლის ვინაობა დაუდგენელია, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ირკვევა, შემთხევვა ივნისში მოხდა, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. როგორც იუწყებიან, ორი სამხედრო მოსამსახურე და ФСБ–ს ოთხი ოფიცერი სვამდნენ ხერსონის კაფეში, დნეპრის სანაპიროზე. მათ შორის ჩხუბი მოხდა. სამხედრომ ამოიღო პისტოლეტი და რამდენიმე გასროლა განახორციელა იატაკის მისამართით. ФСБ–ს ოფიცერმა მისთვის იარაღის წართმევა სცადა, რის შემდეგაც ორივე მხარემ გახსნა ცეცხლი, მათ შორის – ავტომატებიდან.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ФСБ–ს ოფიცერს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ეძებენ.


