
გვარამია: "საქართველოს დატოვება ნამდვილად არ შედის გეგმებში, არც პასიური მეთვალყურის როლში ყოფნა"
31/08/2022 18:55:52 საზოგადოება
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველოს დატოვებას არ გეგმავს და არც პასიური მეთვალყურის როლში ყოფნას განიხილავს.
„როგორც გავიგე, ხმებს აცირკულირებს სუს-იც და „კეთილისმსურველებიც", რომ - გამოვალ და წავალ საზღვარგარეთ; - მანამდე ვერ გამოვალ, სანამ „მთავარი არხი" არ ჩაქრება, ამიტომაც, არხის ჩაქრობას ვაპირებ.
მინდა, ყველამ იცოდეს, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ „მთავარი" არ ჩაქრება, ვისაც არ უნდა უნდოდეს ეს და რისთვისაც არ უნდა იყოს ეს საჭირო. ჩემთვის „მთავარზე" მნიშვნელოვანი არც ვინმეა საქართველოში და არც არანაირი მიზანია მასზე აღმატებული.
ძალიან ვწუხვარ, რომ ვერაფრით ვეხმარები ტელევიზიას, მაგრამ რაც კი შესაძლებელია აქედან გავაკეთო, ყველაფერს ვცდილობ და მთავარი - „მთავარი" არც მარტო მე გამიხსნია და, მით უმეტეს, მარტო მე ვერ და არ დავხურავ. „მთავარი" მაყურებლის და მისი გუნდის საკუთრებაა და არა ჩემი, ან ვინმე სხვა ინდივიდის, თუ ჯგუფის.
რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ჩემი გათავისუფლების შემდეგ (როცა დადგება ეს მომენტი): როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოს დატოვება ნამდვილად არ შედის ამ გეგმებში, არც პასიური მეთვალყურის როლში ყოფნა”, - ნათქვამია სოციალურ ქსელში, ნიკა გვარამიას გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში.