
ხოშტარია – ტანკერ ATACAMA -ზე: "მასზეა სანქცირებული ტვირთი – მაზუთი"
31/08/2022 16:07:03 საზოგადოება
პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია, რეალური განმარტება გააკეთოს ბათუმის ნავსადგურში შემოსული რუსული ტანკერ ATACAMA -ს შესახებ. როგორც ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი ინფორმაციით ტანკერი არის სანქცირებული „როსნეფტის“ სანქცირებული ტვირთი, მაზუთი.
მისივე თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინელ და დასავლელ პარტნიორებს გადასცემენ.
„ტანკერი შემოვიდა, რომელიც ბათუმის ტერიტორიულ წყლებში გაჩერდა და შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გავიდა. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებამ ამ გემთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა: ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ ტანკერი შემოვიდა იმისთვის, რომ აეღო წყალი და საჭმელი, რაც აბსურდია! ეს ტანკერი მოდის ტუაფსედან. ჩვენ გავზომეთ მისი ტრაექტორია და არის 340 კილომეტრში. შეუძლებელია ტუაფსედან გამოსული გემი წყლის ასაღებად ჩერდებოდეს ბათუმში.
ყველაზე მნიშვნელოვანი – განგაშის ატეხვის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო არ ასახელებს რა ტვირთთან გვქონდა საქმე. თუ არაფერია დასამალი, რატომ არ ამბობენ რა ტვირთთან გვაქვს საქმე, როდესაც ლაპარაკია ტანკერზე? ჩვენი ინფორმაციით ეს არის სანქცირებული „როსნეფტის“ სანქცირებული ტვირთი – მაზუთი.
არსებობს აშშ-ს მიერ შემოღებული პროტოკოლი, რომელიც ზუსტად აღწერს თუ რა ხარისხის გამჭვირვალობა უნდა იყოს ტვირთების გადაზიდვის დროს. რა კითხვებია და რა ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს, იმისთვის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე. ამ პროტოკოლის მიუხედავად, ხელისუფლებას არ მიუღია, არც ერთი დადგენილება, რომ რეგულარულ რეჟიმში გაგვაგებინოს რა ტიპის ტვირთი შემოდის საქართველოში.
გემი შემოვიდა ისე, რომ მას გათიშული ჰქონდა საიდენტიფიკაციო სისტემა, რაც ამერიკის ფინანსური დეპარტამენტის შეფასებით არის სანქცირებული ტვირთის ჩამოყალიბებული პრაქტიკა. პრაქტიკულად, როდესაც ხდება საიდენტიფიკაციო სისტემის გათიშვა ჩნდება ეჭვი, რომ გემი ცდილობს თავი აარიდოს კონტროლს და შეიძლება იყოს სანქცირებული ტვირთი. ჩვენ ამ ინფორმაციას გადავცემთ ჩვენს უკრაინელ და დასავლელ პარტნიორებს, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია რეალური განმარტება გააკეთოს - რატომ გათიშული რადარით? რატომ ტანკერი? არის თუ არა „როსნეფტი“ და რა ტვირთი იყო შიგნით?“,- განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილის განაცხადა, რომ საქართველოს ნავსადგურებში დღემდე სანქცირებული გემი ან ტვირთი არ შემოსულა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არასწორი ფაქტების გავრცელება საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ე.წ. „სანქცირებული“ გემების შემოსვლაზე აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.