Accentnews.ge
ქუთაისში, პარკში მოქალაქემ რუსეთის დროშა დაკიდა

ქუთაისში, პარკში მოქალაქემ რუსეთის დროშა დაკიდა

31/08/2022 08:42:52 საზოგადოება

ერთ-ერთმა მოქალაქემ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა დაკიდა. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

დროშა საქართველოს დროშის გვერდით ფრიალებდა, მოგვიანებით, ის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

"საქართველომ უნდა იცხოვროს რუსეთის დროშის ქვეშ. ეს არის 100%-იანი, არავითარი ევროპა",- ამბობს ვიდეოში მოქალაქე რუსულ ენაზე.

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში აცხადებენ, რომ ფაქტი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოხდა.

დირექტორის მოადგილის თქმით, მომხდარზე პოლიციისთვის არ მიუმართავს.

"სამსახურის საათები დამთავრებული იყო. თვითონ დაცვის მუშაკმა ნახა, უთხრა და დაკეცეს და წავიდნენ. ერთი გაშალეს, მერე დაკეცეს და წავიდნენ. სამწუხაროდ, სათვალთვალო კამერებზე არაა დაფიქსირებული, რემონტის მიმდინარეობის გამო არ მუშაობს", - ამბობს ტარიელ მეტონიძე.

ქუთაისის მერიის განცხადებით, "მოქალაქის მიმართ, რომელმაც პარკში რუსეთის დროშა განათავსა, შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი".

"ქალაქში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქის მიერ რუსეთის სახელმწიფო დროშის განთავსების გამო, ქუთაისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. მოხერხდა მოქალაქის იდენტიფიცირება. მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე,მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე. ზემოთ აღნიშნული ფაქტი მოხდა 29 აგვისტოს, მიმდინარეობდა მოქალაქის იდენტიფიცირება, რის შემდეგაც განხორციელდა შესაბამისი ქმედება მუნიციპალური ინსპექციის მიერ. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციის მიერ დაუყონებლივ მოხდა ფაქტის აღკვეთა", – აცხადებენ მერიაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S