"უკრაინის გამარჯვება ამ ომში არის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა"
31/08/2022 06:35:45 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის გამარჯვება ამ ომში არის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა. ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება არის იმ წამების გაგრძელება, რომელშიც უკრაინა 2014 წლიდან 2022 წლამდე ცხოვრობდა. უკრაინის გამარჯვება ამ ომში არის მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა, სადაც შესაძლებელია სამხედრო გზით და სადაც შესაძლებელია დიპლომატიური საშუალებით. შემდეგ დადგება ომის მეორე ეტაპი - ეს იქნება ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, აგრესიის ჩამდენთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. მჯერა, მოვა დრო, როცა რუსეთის რომელიმე ლიდერი, ვინც უნდა იყოს იგი, ჩამოვა უკრაინაში, რუსული აგრესიის მსხვერპლთა მემორიალთან მუხლებზე დაიჩოქებს და ბოდიშს მოიხდის ამ ბოროტებისთვის - ეს უკვე უკრაინის საბოლოო გამარჯვება იქნება", – აცხადებს კულება.


