CNN: აშშ-მა უკრაინას დიდი კონტრშეტევისთვის შეიარაღება გადასცა
30/08/2022 18:30:13 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინას დიდი კონტრშეტევისა და ქვეყნის სამხრეთ რეგიონების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებისათვის საჭირო შეიარაღებას აწვდიდა, - იუწყება CNN თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
"საგანგებოდ ამ მიზნით შეიარაღების მიწოდება აშშ-ს თავად უკრაინამ სთხოვა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს თხოვნა შეასრულა. კერძოდ, უკრაინულ მხარეს დამატებით მიეწოდა ჯაველინები, არტილერია და ჭურვები. ეს მიწოდებები ბოლო ორი თვის განმავლობაში აშშ-ის დახმარების რამდენიმე პაკეტის დახმარების ფარგლებში განხორციელდა. ამ პაკეტების შესახებ ცნობილი იყო, მაგრამ არ გაგვიხმაურებია, რომ შეიარაღების ნაწილი ამჟამად მიმდინარე კონტრშეტევისთვის იყო გამიზნული. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და გენერალი მარკ მილი რეგულარულ კონტაქტზე იყვნენ უკრაინელ კოლეგებთან, რათა სამხრეთში კონტრშეტევისთვის საჭირო შეიარაღება სწორად ყოფილიყო განსაზღვრული" - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის: უკრაინის სამხრეთში ხერსონის ოკუპირებული ოლქის მიდამოებში ქვეყნის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა გრძელდება, ოკუპანტებისგან უკვე გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი.


