ევროკავშირი უკრაინას კალიუმის იოდიდის 5,5 მილიონ ტაბლეტს გაუგზავნის
30/08/2022 12:54:54 მსოფლიო
შესაძლო ბირთვული კატასტროფის გამო ევროკავშირი უკრაინას კალიუმის იოდიდის 5,5 მილიონ ტაბლეტს გაუგზავნის.
ევროკავშირი წინმსწრებად აწვდის კალიუმის იოდიდის ტაბლეტებს უკრაინას, რათა შესთავაზოს ადამიანებს დაცვა მაღალი რადიაციული დონის ზემოქმედების შემთხვევაში. არც ერთი ატომური ელექტროსადგური არ უნდა იქნას გამოყენებული ომის იარაღად. მიუღებელია, რომ სამოქალაქო პირების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება"– განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა.
დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია კიევში ჩავიდა.
14 წევრისგან შემდგარი მისია, რომელსაც სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს კიევიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ მიმდინარე კვირის ბოლოს გაემართება.
გაერო-ს სააგენტოს მისიამ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს.
რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა. რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ. უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს. ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში ამ ტიპის უდიდეს სადგურად ითვლება.
IAEA–ს გენერალურმა დირექტორმა არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.


