მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციული ხელმძღვანელი: "ხერსონის განთავისუფლება შორს არ არის"
30/08/2022 09:02:38 მსოფლიო
მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ვიტალი კიმი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთში ამ დროისთვის "მძიმე ბრძოლებია" და უკრაინელი სამხედროები "მუშაობენ".
მისი თქმით, "ხერსონის განთავისუფლება შორს არ არის".
მან მოხალისეებს დახმარებისკენ მოუწოდა.
"სამხედრო დახმარება ისეთი აღჭურვილობის, როგორიცაა "დრონები" და მანქანები, შემცირდა და მივმართავ მოხალისეებს კვლავ გვჭირდება კონტაქტები, დაეხმარონ მებრძოლებისთვის მეტი აღჭურვილობის მიწოდებას, რადგან ხერსონის განთავისუფლება შორს არ არის", – აცხადებს კიმი ვიდეომიმართვაში, რომელიც "ტვიტერში" პირად გვერდზე გაავრცელა.
დღეს დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში, სოფელ ლვოვოსთან, მდინარე დნეპრზე რუსეთის მიერ მოწყობილი გადასასვლელი გაანადგურეს.
მისი ცნობით, ბერისლავის რაიონში შეტევის შედეგად განადგურებულია რუსული ძალების საზენიტო-სარაკეტო სისტემა, 2 ტანკი, 6 ჯავშანმანქანა, 11 ჰაუბიცა, ზალპური ცეცხლის 3 რეაქტიული სისტემა და სხვა ტექნიკა და ლიკვიდირებულია 82 ჯარისკაცი.
29 აგვისტოს კიევმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში გაარღვიეს რუსეთის ჯარის თავდაცვის პირველი ხაზი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული დაჯგუფება „კახოვკა“ იუწყებოდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული სარაკეტო სისტემებით(HIMARS) უკვე გაანადგურეს ხერსონის მახლობლად მდებარე პრაქტიკულად, ყველა დიდი ხიდი.
"ბრძოლის შედეგად ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა თავის პოზიციები დატოვა, ხოლო რუსი მედესანტეები, რომლებიც პოლკს ეხმარებოდნენ ბრძოლის ველიდან გაიქცნენ", – იტყობინებოდა „კახოვკა“.
მოგვიანებით, CNN იუწყებოდა, რომ უკრაინელებმა ხერსონის მიდამოებში ოთხი სოფელი დაიბრუნეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა უკრაინის იერიშის დაწყება, მაგრამ ირწმუნება, რომ კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა და მისმა ძალებმა უკრაინელებს დიდი ზარალი მიაყენეს:
„მტრის მიერ თავდასხმის მცდელობამ სრული მარცხი განიცადა“.
მანამდე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ხელმძღვანელი სერგეი აკსენოვი ირწმუნებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთით კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ ცნობა „უკრაინული პროპაგანდის მორიგი „ფეიკია.“
ამავე დროს, ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული „ხელმძღვანელის მოადგილემ" იური სობოლევსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საკუთარი თავისა და ახლობლების უსაფრთხოებაზე იზრუნონ. კახოვკის რაიონში რუსეთის მიერ დანიშნული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის „ხელმძღვანელის" ვლადიმირ ლეონტიევის თქმით, ნოვაია-კახოვკის მცხოვრებლებისთვის გამოცხადებულია ევაკუაცია სამუშაო ადგილებიდან, „ხალხი იმყოფება ქალაქში, თავშესაფრებში, რადგან განგაშის ხმა არ წყდება".
გასულ ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იბრუნებს და დაიბრუნებს ხარკოვს, ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს და ყირიმს. ზელენსკიმ რუს სამხედროებს მოუწოდა, თუ თავის გადარჩენა სურთ, დროა გაიქცნენ, ან ტყვედ ჩაბარდნენ.


