საქსტატი – საქართველოში 1 მარტიდან 1 აგვისტომდე პერიოდში 7459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა
30/08/2022 07:39:14 ეკონომიკა
საქართველოში 1 მარტიდან 1 აგვისტომდე პერიოდში 7459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, – იუწყება "ინტერპრესნიუსი“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით.
საქსტატის ცნობით, დარეგისტრირებული რუსული ბიზნესიდან 544 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), 6913 ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 2 უცხოური საწარმოს ფილიალია.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დარეგისტრირებული 544 რუსული შპს-დან 542-ს საქმიანობა უცნობია, 1 კომპანიის საქმიანობის სფერო ყავის გადამუშავება, კიდევ ერთს კი რესტორნების გარეშე სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებებია.
რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ 6913 რუს ინდივიდუალურ მეწარმეს, ამ შემთხვევაშიც ცნობილია მხოლოდ 2-ის საქმიანობა, 6911-ის საქმიანობის სფერო კი, საქსტატის ცნობით, მათთვის უცნობია.
საქსტატის ცნობით, საქართველოში ყველაზე მეტი რუსული ბიზნესი - კერძოდ, 2169 მარტში დარეგისტრირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში რეგისტრაცია გაიარა 147-მა რუსულმა შპს-მ, 2021-მა ინდივიდუალურმა მეწარმემ და ერთმა უცხოური საწარმოს ფილიალმა.
აპრილის თვეში 1601 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, მაისში 1370, ივნისში - 1219 და ივლისში - 1100.


