
შამანი „პუტინის განსადევნად“ ახალ მსვლელობას იწყებს (ვიდეო)
10/10/2019 14:27:05 სხვა, მსოფლიო
იაკუტმა შამანმა ალექსანდრე გაბიშევმა ვიდეო–მიმართვა ჩაწერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი, რომლის „განსადევნად“ იგი იაკუტიიდან მოსკოვში, კრემლში მიდიოდა. ვიდეო–მიმართვაში იგი აცხადებს, რომ მოსკოვისკენ მსვლელობის შეწყვეტას არ აპირებს, გეგმავს, თავიდან შექმნას რაზმი და დაიწყოს მსვლელობა, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულდეს. სტარტს კი ეს მსვლელობა იმ ადგილიდან აიღებს – ბურიატიისა და ირკუცკის მხარის საზღვრიდან, სადაც შამანი ცოტა ხნის წინ ძალოვანებმა დააკავეს.
გაბიშევი ასევე აცხადებს, რომ მსვლელობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათის იქნება და პუტინს „არც ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდება, არც ერთ წვეთ სისხლს არ დაღვრის“. შამანი მოუწოდებს მომხრეებს, არავისზე იძიონ შური და ყველას შეუნდონ.
გაბიშევი დარწმუნებულია, რომ მას რუსეთის ყველა რიგითი მოქალაქე უჭერს მხარს, ამიტომაც ხელისუფლების მხრიდან ექსტრემიზმსა და შეურაცხადობაში ბრალდებები, რომლის საფუძველზეც მოთავსებას ციხეში ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ვერ გაჭრის.
ცნობისთვის: ალექსანდრე გაბიშევი მოსკოვის მიმართულებით 4 თვის წინ დაიძრა. იგი რუსეთის პრეზიდენტს „ბნელი ძალების პირმშოდ“ მიიჩნევს, რომელთან გამკლავებაც მხოლოდ შამანებს შეუძლიათ. ამ დროის განმავლობაში მან თითქმის 2000 კმ განვლო და ასობით მოქალაქეს გაესაუბრა. ვიდეოებს, რომელიც გზად მის ქადაგებებს ასახავს, მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
9 სექტემბერს ბურიატიის დედაქალაქში საპროტესტო აქცია დაიწყო. სამი დღის განმავლობაში მისი მონაწილეები, დარბევების მიუხედავად, მოედანს არ ტოვებდნენ. მათი მოთხოვნა ულან–უდეს მერის არჩევნების შედეგების გაუქმება და შამან გაბიშევის დაკავებული მხარდამჭერების გათავისუფლება იყო.
მიმდინარე წლის ივლისში გაბიშევმა მასობრივი მიტინგი მოაწყო ჩიტაში, სადაც ცენტრალურ მოედანზე 700–ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. შეკრების მთავარი ლოზუნგი იყო „რუსეთი პუტინის გარეშე“. შამანმა აუწყა შეკრებილებს, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე იაკუტიიდან დაძრული, მოსკოვამდე ჩაღწევას 2 წელიწადში აპირებდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ბრძოლა უკვე დაწყებული აქვს და ჯერ–ჯერობით ამ მიზნით მხოლოდ მშვიდობიან შეკრებებს იყენებს, თუმცა თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება „სხვა მეთოდებსაც“ მიმართავს. რამდენიმე კვირის წინ ის დააკავეს, თუმცა შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.