ზელენსკი:"უკრაინა ევროპის კონტინენტის ენერგოუსაფრთხოების გარანტად შეიძლება, იქცეს"
29/08/2022 17:16:01 მსოფლიო
უკრაინას საბადოებში გაზის მნიშვნელოვანი რაოდენობა, საცავებში გაზის თავისუფალი მოცულობები გააჩნია და ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდაც შეუძლია, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დასძენს, რომ "უკრაინას ძალუძს, ევროპის კონტინენტის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტად იქცეს".
ამის შესახებ ზელენსკიმ კონფერენციაზე "ჩრდილოეთ ზღვების შელფები" განაცხადა. პრეზიდენტის თქმნით, უკრაინას ევროკავშირის საზღვართან 30მლრდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გაზსაცავების უნიკალური სისტემა გააჩნია და ევროპას სურვილის შემთხვევაში შეუძლია, მისით ისარგებლოს.
"დღეს როდესაც ევროპა ფასების კრიზისს განიცდის, გვეკითხებიან, რით შეგვიძლია, დავეხმაროთ? აი ამით - გამოიყენეთ ჩვენი გაზსაცავები უკვე ამ სეზონზე. სადღეისოდ, მაგალითად, ჩვენ 15მლრდ კუბური მეტრი თავისუფალი მოცულობა გაგვაჩნია. თავად უკრაინას 3მლრდ-ს მოცულობის დამატებითი რეზერვი ესაჭიროება და გთხოვთ, იგი ჩვენთან შეინახოთ ხოლო კიდევ 12 მილიარდი - ეს შეიძლება, იყოს გაზი, რომელიც აუცილებელია ზამთარში მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ და ეს იქნება თქვენი დახმარება არამარტო ჩვენთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც" - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინას ასევე საბადოებში ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი რაოდენობა გააჩნია და ამ უკანასკნელებს მასტაბილიზირებელი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპისთვის, ისევე, როგორც ნორვეგიის საბადოებს. "ჩვენ ვიწვევთ ინვესტორებსა და სერვის-კომპანიებს, ჩაერთონ უკრაინაში გაზის მოპოვებაში. გსურთ, პრაგმატულად დაგვეხმაროთ? - აგერ, ბატონო, გთავაზობთ ინსტრუმენტს.მიიღეთ ლიცენზია, გააფორმეთ შეთანხმებები პროდუქციის გაყოფაზე, დაიწყეთ დაზვერვა და ბურღვა. ჩვენ ძალიან მადლიერები დაგრჩებოდით" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებისთვის ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდა გეგმავს. "ჩვენ ექსპორტი ომის დროსაც კი არ შეგვიწყვეტია და ამასთანავე, ჩვენი ელექტროენერგია გაცილებით იაფია ამ დროისთვის ბაზარზე არსებულზე. ჩვენ რეალურად შეგვიძლია დახმარება ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში კრიზისის დაძლევაში" - განაცხადა ზელენსკიმ და იქვე მოუწოდა ინვესტორებს, უკრაინაში "მწვანე" წყალბადის წარმოებაში მიიღონ მონაწილეობა.


